მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელი გაფართოვდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში, კახეთის მხარეში არსებულ ჭაბურღილებზე შვიდი ახალი ავტომატური სადგური მოეწყო.

სადგურები, ალაზნის არტეზიული აუზის ფარგლებში, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და აღჭურვილია უახლესი ჰიდროგეოლოგიური აპარატურით, რომელიც მიწისქვეშა წყლების ძირითადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებელი პარამეტრების (დებიტი, ტემპერატურა, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკები, ელექტროგამტარობა, წყალბად-იონთა კონცენტრაცია) უწყვეტ მონიტორინგს და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში მოწოდების საშუალებას იძლევა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია მიწისქვეშა მტკნარი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა-დადგენა, რაც ითვალისწინებს ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

უწყების ცნობით, საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის.