მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე - დაღუპულთა რიცხვმა 370-ს გადააჭარბა [ფოტოები]
მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვარზე - დაღუპულთა რიცხვმა 370-ს გადააჭარბა [ფოტოები]

ირანისა და ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 370-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

დაღუპულთა უმეტესობა ირანის მცხოვრებია. სტიქიის შედეგად ერაყის ტერიტორიაზე გარდაცვლილია შვიდი ადამიანი.

ირანული მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი ექვსი ათასს აღემატება.

ირანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის განკარგულებით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებისთვის, დაშავებულების ტრანსპორტირებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დასარიგებლად გაგზავნილია 145 ვერტმფრენი. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სამსახურებთან ერთად სამხედროები, ადგილობრივი მცხოვრებლები და ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთავრის“ თანამშრომლები მონაწილეობენ.

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ერაყში, ირანის საზღვართან, ქურთისტანის რეგიონის ქალაქ ჰალაბჯასთან მდებარეობდა.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც.

დამანგრეველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით, საღამოს ცხრა საათსა და 18 წუთზე მოხდა, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლებში იმყოფებოდა. ბიძგები დაახლოებით 20 წამის განმავლობაში იგრძნობოდა.

მხოლოდ ირანში უსახლკაროდ 70 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა. მიწისძვრამ ყველაზე დიდი ზარალი ირანის ქირმანშაჰის პროვინციას მოუტანა.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეშმა ირანსა და ერაყს მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.