„მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში აპრილის დასაწყისში იგეგმება
„მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში აპრილის დასაწყისში იგეგმება

საშინაო დავალება შესრულებულია, პარლამენტში „მიწის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება აპრილის დასაწყისში მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ განუცხადა.

დანელიას თქმით, კანონპროექტის მიხედვით, მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე იკრძალება, თუმცა ხელმისაწვდომია იჯარა; სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში კი, დისკრეცია მთავრობას რჩება.

„მიწის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში აპრილის დასაწყისში შემოვა. უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი რჩება იჯარის ფორმა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა პრობლემა არ არის. სტრატეგიული პროექტები, როგორებიც არის პორტი, ნებისმიერი სხვა სამთო განვითარების თუ მასშტაბური ჰესი, ამ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით მთავრობის დისკრეცია რჩება“, – განაცხადა დანელიამ.

დეპუტატი კანონპროექტის განხილვების პროცესში დოკუმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„ეს ჩვენი შეთავაზებული ვარიანტია, თუმცა ბუნებრივია, განხილვების დროს გარკვეული შენიშვნები და წინადადებები შემოვა. მიმდინარე თვის ბოლომდე დოკუმენტი შესაბამის უწყებებთან გვაქვს გადაგზავნილი, რათა უკუკავშირი მივიღოთ და შემდეგ უკვე ინიცირებას მოვახდენთ. ასე რომ, საშინაო დავალება შესრულებულია“, – განმარტა დანელიამ.