მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული პროცედურებით 650 000-ზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა
მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული პროცედურებით 650 000-ზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გამარტივებული პროცედურებით 650 000-ზე მეტი განცხადება დარეგისტრირდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წარმატებით დარეგისტრირებული განცხადებების რაოდენობის მიხედვით იმერეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონები ლიდერობენ. კერძოდ, ამჟამინდელი მონაცემებით, დარეგისტრირებული განცხადებების მთლიან რაოდენობაში აღნიშნული რეგიონების პროცენტული მაჩვენებელი ასე ნაწილდება: იმერეთი – 34,2 პროცენტი, კახეთი – 15% პროცენტი, შიდა ქართლი – 10,3 პროცენტი.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. მოქალაქის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარდგენის შემდეგ, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრი უფასოდ ახორციელებს. კერძოდ, რეფორმის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია; დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.