მიუნხენში ღამის საათებში ტაქსით მგზავრობისას ქალებს ხარჯებს ნაწილობრივ დაუფინანსებენ
გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ღამით უსაფრთხოდ მგზავრობისთვის, ქალებს ტრანსპორტის ხარჯებს ნაწილობრივ დაუფინანსებენ. მიუნხენის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ღამის საათებში ტაქსით მგზავრობისას ქალები ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ. ინფორმაციას „აუგსბურგერ ალგემაინე“ ავრცელებს.
ფასდაკლების გამოყენება 2020 წლის 1-ლი მარტიდანაა შესაძლებელი.
„ღამით ქუჩებში ყველა ქალი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფეხით ბრუნდებიან და თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ზოგიერთისთვის ტაქსი საკმაოდ ძვირი ღირს და მოქალაქეები სახლში დარჩენას ამჯობინებენ“, – ნათქვამია მიუნხენის ხელმძღვანელობის განცხადებაში.
ნებისმიერ ქალს, მათ შორის უცხოელებს, შეუძლია დაუკავშირდეს მერიის საინფორმაციო ცენტრს ან საჯარო მომსახურების ცენტრებს და მოითხოვოს სპეციალური კუპონი. ერთდროულად სამი კუპონის მიღება არის შესაძლებელი, ერთი მგზავრობისთვის კი ერთის გამოყენება.
ფასდაკლება 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მხოლოდ სახლის, სასტუმროს ან ჰოსტელის მიმართულებით მოქმედებს. კლუბებსა და რესტორნებში გასამგზავრებლად კუპონები არ იმოქმედებს.
ხარჯების დასაფარად, მიუნხენის მერიამ ერთი მილიონი ევრო გამოყო. პროგრამა თავდაპირველად ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს, გამართლების შემთხვევაში კი გაგრძელდება.
ანალოგიური პროგრამა გერმანიის კიდევ ორ ქალაქში, მიუნსტერში და ჰალეში მოქმედებს.