მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს პირისპირ ფორმატში გაიმართება
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2022 წელს ჩვეულ, პირისპირ ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ფორუმის ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ იშინგერმა განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიება 2022 წლის 18-20 თებერვალს გაიმართება, თუმცა კორონავირუსის პირობებში მონაწილეთა რაოდენობა კვლავ შეზღუდული იქნება.
„პირადი კონტაქტების აღდგენის აუცილებლობა განსაკუთრებით დიდია საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიმღებებს შორის, რადგან ეს საკითხები ხშირად ძალიან მგრძნობიარეა. მჯერა, რომ გერმანიის მომავალ კანცლერს სურს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და იყოს აქ წარმოდგენილი“, – აღნიშნა იშინგერმა.
მიუნხენის კონფერენცია 1962 წელს დაარსა გერმანელმა პუბლიცისტმა ევალდ ფონ კლაისტმა, როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის უწყებების ოფიციალური პირების შეხვედრის ფორმატი. 1999 წლიდან მასში მონაწილეობის მიღება დაიწყეს პოლიტიკოსებმა და სამხედრო პირებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებმა. ფორუმის ფარგლებში ტრადიციულად იმართება პოლიტიკოსების არაფორმალური და პირადი შეხვედრები.