მიტროპოლიტი ემანუელი ილია მეორეს - გახსოვდეთ, მსოფლიო საპატრიარქო თქვენს გვერდითაა ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვენი ეკლესია მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებს
მიტროპოლიტი ემანუელი ილია მეორეს - გახსოვდეთ, მსოფლიო საპატრიარქო თქვენს გვერდითაა ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვენი ეკლესია მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებს

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რაშიც თქვენი ეკლესია მხარდაჭერასა და დახმარებას საჭიროებს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პატრიარქს მიტროპოლიტმა ემანუელმა.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დაესწრო. პატრიარქმა საპატიო სტუმრებს ამბიონიდან მიმართა და ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მიტროპოლიტმა ემანუელმა და სმირნის მიტროპოლიტმა ბათლომეუსმა ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის მოკითხვა გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ქართული ეკლესიის მხარდამჭერია და წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ხალხი, რომელიც ბურჯია რეგიონში მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის. უზომოდ მოხარულები ვართ თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით გულითადად სმირნის მიტროპოლიტი და მე, რომლებმაც თქვენთან ერთად მონაწილეობა მივიღეთ საღმრთო ლიტურგიაში და ვეზიარეთ უხრწნელ სისხლსა და ხორცს.

თქვენთან ჩამოტანილი გვაქვს ძმური სიყვარული მისი ყოვლდაუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის და დედაეკლესიის, რომელიც არის მსოფლიო ეკლესიის გვირგვინი. იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაზეც გვიწევდა საუბარი წინა შეხვედრებისას და ახლაც, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენთან ვთანამშრომლობთ. მთლიანად მსოფლიო საპატრიარქო და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არის თქვენს გვერდით ყველა იმ საკითხში, რაშიც საჭიროებს თქვენი ეკლესია მხარდაჭერას და დახმარებას. ყოველთვის გწამდეთ, რომ მსოფლიოს საპატრიარქო ყველა იმ წამოწყებულ საქმეში, რომელშიც უკვე ოთხი ათწლეულია ემსახურებით, ყოველთვის იქნება თქვენი თანაშემწე. იმ დღიდან, რა დღიდანაც ბიზანტია, როგორც იმპერია არსებობდა და იყო ძმური ურთიერთობა მათ შორის, ეს დღემდე გრძელდება და ამის შემდეგაც გქონდეთ იმედი ჩვენი. უნდა გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობა. გისურვებთ დღეგრძელობას“,- აღნიშნა მიტროპოლიტმა, ემანუელმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საპატიო სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა.

„ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღეს ჩვენთან იმყოფებით. დღეს შესრულდა წმინდა წირვა სამების ტაძარში, სადაც მოვიხსენიეთ ყველა პატრიარქი და მღვდელმთავარი”,- განაცხადა პატრიარქმა.

საპატიო სტუმრები გუშინ უკვე შეხვდნენ ილია მეორეს. მათი ჩამოსვლის მიზეზი, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესს უკავშირდება. მიტროპოლიტი ემანუელი და ასევე სმირნის მიპროპოლიტი ბართლომეუსი თბილისს ხვალ დატოვებენ.