მიტროპოლიტი ანანია - უკრაინის ეკლესიის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის
მიტროპოლიტი ანანია - უკრაინის ეკლესიის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველა ეკლესიის ავტოკეფალია ძალზე მნიშვნელოვანია და ღირსეული საქმე არის, რადგან საქართველოს ეკლესიას აქვს ამის გამოცდილება. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ავტოკეფალიის მინიჭებას აქვს თავისი წესი, რომელიც დადგენილია მოციქულების დროიდან, ანუ 2000 წლის წინანდელი დროიდან, – განაცხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ პირველ არხთან საუბრის დროს.

ჯერ უცნობია, როდის დაინიშნება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. წმინდა სინოდი მსოფლიო საპატრიარქოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელსაც ამ დროისთვის ოფიციალურად არ დაუდასტურებია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი.

წმინდა სინოდის წევრის, მიტროპოლიტ ანანიას განცხადებით, ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მსოფლიო პატრიარქს არ შეუძლია.

„ავტოკეფალია ეფუძნება მოციქულების გადაწყვეტილებებს და ასევე საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებებს. საეკლესიო კანონიკის თანახმად, ეკლესია ავტოკეფალური არის იმ შემთხვევაში, თუ ის არის სამოციქულო, ანდა თუ მას ანიჭებს ავტოკეფალიას თავისი დედაეკლესია. ჩვენც გამოვცადეთ ეს მომენტი, რუსეთის იმპერია ჩვენს ეკლესიას ებრძოდა და ავტოკეფალია გაუუქმა. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენი ისტორიკოსები მე-19-მე-20 საუკუნეებში არასწორად საზღვრავდნენ თვითონ ეკლესიის ისტორიას, ავრცელებდნენ არასწორ მოსაზრებებს და აცხადებდნენ, რომ საქართველოს ეკლესია არ იყო მოციქულების მიერ დაარსებული. ამან შემდგომში შექმნა პრობლემები, როცა ჩვენ ავტოკეფალიისთვის ვიბრძოდით, რადგან მაშინ გვყავდა რუსეთი, როგორც დედაეკლესია და ისევ რუსეთს უნდა მოენიჭებინა ჩვენთვის ავტოკეფალია. ეს მართლაც ასე მოხდა 1943 წელს, რუსეთის ეკლესიამ ცნო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია. ასევე არის უკრაინის ეკლესიის მიმართაც. უკრაინის ეკლესიის საკითხი ჯერ გადაჭრილი არ არის, ასე რომ ის ცნობები, თითქოს უკვე აღიარა კონსტანტინეპოლმა ეს არ არის საბოლოო. საბოლოო იქნება, როგორც გითხარით, კანონიკის თანახმად დედაეკლესიამ უნდა ცნოს აუცილებლად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ამ შემთხვევაში დედაეკლესია არის რუსული ეკლესია. თუ რუსული ეკლესია ცნობს, ამის შემდეგ ცნობს ყველა ეკლესია.

ჩვენ ვიცით ყველას განწყობა და პატივს ვცემთ, მაგრამ მსოფლიო პატრიარქსაც მარტო ეს არ შეუძლია გადაწყვიტოს, კანონიკის თანახმად ჯერ დედაეკლესიამ უნდა ცნოს აუცილებლად, ასე რომ ეს საკითხი საბოლოოდ არ არის გადაჭრილი, თუმცა საბოლოოდ ეს საკითხი გადაიჭრება, ჩვენ ამის გვჯერა. ანუ ჩვენ უკრაინის ავტოკეფალიას ვცნობთ იმის შემდეგ, რაც მსოფლიო ეკლესია ცნობს. ჯერ დედაეკლესია, ანუ რუსეთის საპატრიარქო, შემდეგ კონსტანტინეპოლი, ბულგარეთი, ფინეთი, კვიპროსის ეკლესია და ა.შ.“,- განაცხადა მიტროპოლიტმა ანანიამ.

შეგახსენებთ, რომ 31 სექტემბერს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრა გაიმართა. მოსკოვის პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს შესთავაზა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართოს, თუმცა მსოფლიო პატრიარქმა განუცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული და უკრაინული მედია ავრცელებს.