მიტროპოლიტ დავითის ინფორმაციით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ლიტურგიაზე მისულ მოქალაქეებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ
მიტროპოლიტ დავითის ინფორმაციით, ალავერდის საკათედრო ტაძარში ლიტურგიაზე მისულ მოქალაქეებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

ალავერდის საკათედრო ტაძარში, ღამისთევაზე მისულ მოქალაქეებს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თერმოსკრინინგით შეამოწმებენ და სადეზინფექციო ხსნარებს დაურიგებენ, – ამის შესახებ ალავერდის საკათედრო ტაძარში შაბათის წირვის დასრულების შემდეგ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა.

მან სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებულ სამზადისზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დამონტაჟებულია ხმოვანი აპარატურა და სოციალური დისტანცირებისთვის მონიშნულია ადგილები.

„ადგილობრივ ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რომ ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის დროს მათი მხრიდან ყოფილიყო დახმარება და შეწევნა, კერძოდ, პოლიციის ეკიპაჟი იმ შემთხვევაში, თუ იქნება ხალხის სიმრავლე, ავტოსადგომის მოწესრიგებისთვის. ასევე თუ იქნება საშუალება, თერმოსკრინინგით შემოწმება მოხდეს, რადგან ამ ბოლო დროს ვრცელდება მიზანმიმართული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომ ეკლესია არ იცავს რეკომენდაციებს, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ ერს, მრევლს, მთავრობას როგორც შეგვიძლია. ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო საგანგებო სიტუაციის მდგომარეობა, სამხედრო წესით არ გვიცხოვრია და ამიტომ, ასეთი ფეხაწყობით და მარშირების ნაბიჯით ვერ ვაკეთებთ ყველაფერს, თუმცა მონდომებას არ ვაკლებთ. ჩვენი ერიც და მრევლიც კეთილგანწყობილი და გონიერია, რასაც ვეუბნებით, ცდილობენ, გააკეთონ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ალავერდის ტაძარში ღამის 12:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი