მითი ხორვატებზე - არის თუ არა ხორვატიის ნაკრები „პენსიონერთა“ გუნდი [ვიდეო] #1TVSPORT

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრები ოთხ საუკეთესო გუნდს შორისაა. ბევრი საუბრობს ამ გუნდის ასაკზე, თითქოს ხორვატებმა დიდი ხანია, საფეხბურთო თვალსაზრისით, საპენსიო ასაკს მიაღწიეს. ამის მიუხედავად, ხალისიანები არიან და მოედანზე საკმარისად ენერგიულად გამოიყურებიან.

რეალურად, ხორვატია სულაც არ არის ასაკოვანი გუნდი. მასობრივ ცნობიერებაში, ნაწილობრივ, ეს აღქმა 37 წლის ლუკა მოდრიჩის გამო ჩნდება, მაგრამ პორტუგალიას ჰყავს ასევე 37 წლის კრიშტიანო რონალდო, არგენტინას – 35 წლის ლეო მესი, თუმცა მათი ნაკრებები პენსიონერების გუნდებად არ აღიქმება.

ხორვატიის ნაკრების საშუალო ასაკი 27,4 წელია და 32 მონაწილიდან 22-ე ადგილზეა. გასაგებია, რომ ხორვატები შორს არიან სამეულში მოხვედრილი გუნდებისგან – ლიდერები განა (24,7 წელი), აშშ (25,2) და ესპანეთი (25,3) არიან. ტოპგუნდებიდან ბალკანელები უსწრებენ არგენტინას, ბელგიას, ურუგვაის (ყველა – 27,8 წლის) და ბრაზილიას (27,9). სხვათა შორის, ისინი ასევე უსწრებენ ორ აზიურ სენსაციას, იაპონიასა და კორეას, რომელთა საშუალო ასაკი 27,8 წელია.

ხორვატიის შემთხვევაში, ტერმინი „ასაკოვანი“ მოთამაშეთა გამოცდილებას უფრო გულისხმობს – მოდრიჩი, ბროზოვიჩი, პერიშიჩი, ლოვრენი დიდი ხანია ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემადგენლობა არ ახლდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდი ძალიან შეიცვალა.

მათგან, ვინც ოთხი წლის წინ ითამაშა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, კატარის ტურნირზე განაცხადში მხოლოდ რვა მოთამაშე დარჩა – ზემოხსენებული ოთხი ფეხბურთელი პლუს მატეო კოვაჩიჩი, დომაგოი ვიდა, მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი და ანდრეი კრამარიჩი. დანარჩენებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება არ აქვთ.

შედარებისთვის: იმავე ბელგიას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ჰყავდა 16 ადამიანი 2018 წლის მუნდიალიდან, ბრაზილიას – 9, არგენტინას – 7, საფრანგეთს – 10, პორტუგალიას – 10, ინგლისს – 12.