მიშო ჯავახიშვილი - ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, როგორც ჩანს, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და უკრაინას მიანიჭა კონკრეტული ქულა, რომელიც გამოცხადდა
მიშო ჯავახიშვილი - ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, როგორც ჩანს, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და უკრაინას მიანიჭა კონკრეტული ქულა, რომელიც გამოცხადდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის საქართველოს ეროვნული ჟიურის წევრი მიშო ჯავახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ჟიურიმ უკრაინას უმაღლესი შეფასება, 12 ქულა მიანიჭა და ევროვიზიის სცენაზე გამოცხადებული ინფორმაცია, რომ უკრაინას საქართველოსგან ექვსი ქულა მიენიჭა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ტურების წინა დღეს ტარდება კონკრეტული გენერალური რეპეტიცია. ეს ფაქტობრივად არის პირდაპირი ეთერის რეჟიმში, სადაც ეროვნული ჟიური ყველა ქვეყანაში იკრიბება და აფასებს სხვა მონაწილეს, საკუთარ ქვეყანას – არა. რადგან საქართველო ფინალში სამწუხაროდ არ იყო, შეიკრიბა ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელიც მაუწყებელმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი წევრი მე გახლდით და დაიწყო გენერალური რეპეტიციის შეფასება. ამ შეფასებაში ვერავინ ახდენს ვერანაირ ცვლილებას. ეს არის თითოეული წევრის პირადი გადაწყვეტილება. წესია, რომ ამ ყველაფერს ესწრება ნოტარიუსი, რომელიც შემდეგ ამ ყველაფერს ამტკიცებს. როგორც მოგეხსენებათ, კონკურსის დასრულების შემდეგ იწყება ჩართვები ყველა იმ ქვეყნიდან, რომელიც მონაწილეობს და ცხადდება ჟიურის ქულები. გაურკვეველი მიზეზის გამო, ცხადდება, რომ ტექნიკური პრობლემა იყო, ოღონდ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხრიდან, რომელიც ორგანიზებას უწევს ევროვიზიის კონკურსს, ვერ მოხერხდა ჩართვა. ეს ჩართვა, რომელშიც ჩვენს წარმომადგენელს უნდა გამოეცხადებინა, ყველაზე მაღალი ქულა ამ შემთხვევაში ვინ მიიღო, გუშინ გამართულ ღონისძიებაზე, ფინალში ვერანაირად ვერ მოხერხდა ლაივფორმატში. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, როგორც ჩანს, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და მიანიჭა კონკრეტული ქულა, რომელიც გამოცხადდა“, – განაცხადა მიშო ჯავახიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, მონაცემები მათ შორის გაყალბებულიყო, მიშო ჯავახიშვილმა აღნიშნა: „ამას ვამბობ, შესაძლებელია. რაღაც გაურკვევლობა არის ამ მხრივ. ეს დოკუმენტი რომ წავიდა, იქ ვინ რა გააკეთა, არავინ იცის. მე შემიძლია, გავაკეთო კომენტარი უმაღლეს ქულასთან დაკავშირებით, ეს არის 12, რომელიც მიიღო უკრაინამ“.

იტალიაში გამართულ ევროვიზია 2022-ის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. კონკურსის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო. მოგვიანებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.