მიშა მშვილდაძე - როგორი შირმაც არის ამ ხელისუფლებისთვის პროდასავლური კურსი, ზუსტად ისეთივე შირმაა ქრისტე და სიყვარული ჩვენი ეკლესიისთვის
მიშა მშვილდაძე - როგორი შირმაც არის ამ ხელისუფლებისთვის პროდასავლური კურსი, ზუსტად ისეთივე შირმაა ქრისტე და სიყვარული ჩვენი ეკლესიისთვის

არაფერი აღარ დარჩა სათქმელი. ღარიბაშვილის გადადგომა საერთოდ არ არის ადეკვატური პასუხი იმაზე, რაც მოხდა. ეს არის ის მინიმუმი, რომ სახე შეინარჩუნოს ღარიბაშვილმა კი არა, ქვეყანამ, თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ცხოვრების გაგრძელება შევძლოთ ხვალიდან, – ამის შესახებ რუსთაველზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა.

„რაც მოხდა, იცით, რატომ მოხდა? იმიტომ, რომ სოლიდარობა დაგვაკლდა. იმიტომ, რომ გაბედეს ვიღაც უვიცმა ბნელებმა, ბოროტებმა და ჩათვალეს, რომ შეეძლოთ ადამიანზე ხელის აღმართვა. როცა ასეთი პრეცედენტები დაფიქსირდა წინა ჯერზე, ჩვენი რეაქცია არ იყო საკმარისი, არ იყო საკმარისი მრისხანება და მისცეს თავს უფლება, ეგონათ, რომ გაუვიდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი დღე როგორ იქცევა, როგორ გააქცუნეს მიცვალებული, რა განცხადება დადეს, მინიშნებებით, პირდაპირ რომ ეთქვათ რამე ვერსია, მაგის გამბედაობაც არ ეყოთ. პოლიციურად კი არ ილაპარაკეს, ჭორები რომ დაყრილიყო, სიტყვა ახსენეს, რომ მერე ჩვენ თვითონ ვილაპარაკოთ დანარჩენი. ამ სიბინძურეში ცხოვრება გახდა შეუძლებელი. ჩვენ რომ საკმარისი სოლიდარობა გამოგვეჩინა 5 ივლისს ადამიანების მიმართ, ვინც ვერ გაბედეს ქუჩაში გამოსვლა, ეს აღარ მოხდებოდა. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ჩვენც ხომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებით გვიცხოვრია და მეხსიერება გვაქვს, როგორც ექცევა მედიას ხელისუფლება, ხომ ვიცით, რომ რაღაც სტანდარტი არის. ტერორისტებმა იციან აზიაში, რომ არ უნდა შეეხონ ჟურნალისტს. დადიან ჩვენი კამერები ყველგან, ადამიანებში მოძრაობენ და ამ მართული ორკების გარდა, არსად არ არის აგრესია. ბოროტების სათავე არის ბიძინა ივანიშვილი. ღარიბაშვილის გადადგომას აქ იმიტომ კი არ ვითხოვთ, რომ მაგას ხელს ვაფარებთ, არა, მისი საცეცეა და უნდა ჩაიჭრას. აქვს მნიშვნელობა, რომ ამას მოჰყვეს პრემიერ-მინისტრის გადადგომა.

ხელისუფლება რაც იყო ყოველთვის ვიცოდით, ნაწილმა მაინც, მოლოდინი გვქონდა აგრესიის, მაგრამ როგორი შირმაც არის ამ ხელისუფლებისთვის პროდასავლური კურსი, ზუსტად ისეთივე შირმაა ქრისტე და სიყვარული ჩვენი ეკლესიისთვის. თითო-ოროლა გამონაკლისი წესიერი სასულიერო პირისა ვერაფერს ცვლის. ამ სასიკვდილო ბუკეტში მესამე ინგრედიენტი არის კრიმინალი. ჩვენ არ ვებრძვით არც ერთ ადამიანს და არც ერთ ნივთს, მათ შორის არც იმ ჯვარს, რომელიც აქ დატოვეს ძალადობის სიმბოლოდ. ამ ქვეყანაში ვინმე მაინც უნდა იქცეოდეს ქრისტიანულად და თუ ჩვენი მთავრობა უარს ამბობს ადამიანურად მოქცევაზე, თუ ჩვენი ეკლესია უარს ამბობს ქრისტიანულად მოქცევაზე, ჩვენ მოვიქცევით ასე. ახლა ერთადერთი რამ დაგვრჩენია, რომ ღირსეული პახუხი გავცეთ. ლექსოს დარჩა შვილი, დავდოთ ყველამ ფიცი, რომ ის ბავშვი გაიზრდება თავისუფალ ქვეყანაში, რომ ვინც არ უნდა გამოვიდეს, მას ექნება ბედნიერების და თავისუფლების შანსი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მშვილდაძემ.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.