მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას შესთავაზებენ გზას, როგორ შეიძლება, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები პარლამენტის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით
მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას შესთავაზებენ გზას, როგორ შეიძლება, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები პარლამენტის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით

არის შესაძლებლობა, პროპორციული არჩევნები მივიღოთ ისე, რომ 113 ხმა არ იყოს საჭირო. უბრალო უმრავლესობითაც არის შესაძლებელი, თუ არის ამის პოლიტიკური ნება უბრალო უმრავლესობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას შესთავაზებენ გზას, როგორ შეიძლება, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერის შედეგად.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების გეგმა არის, რომ გააგრძელონ პროტესტი, სანამ ქვეყანას არ ექნება ღირსეული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

„ვაგრძელებთ პროტესტს, სანამ ხელისუფლების სათავეში რჩებიან მატყუარები და გადამგდებები. დიდხანს იქნება გადაკეტილი რუსთაველი და არა მარტო რუსთაველი. აქ იქნება კარვები, აქ იქნება აქტიური პროტესტი. საღამოს 19:00 საათზე ისევ ველოდებით აქ აქციას. ვემზადებით კვირისთვის, დიდი გაერთიანებული საპროტესტო აქციისთვის. ბრიფინგზე იქნება საინტერესო ამბავი. ჩვენ შევთავაზებთ ერთ დავიწყებულ გზას, რომელიც ამხელს სინამდვილეში ამ ადამიანებს. სინამდვილეში პროპორციული არჩევნების მიღება თუ უნდოდათ ამ ადამიანებს, კიდევ ერთ საშუალებას დავანახებთ ჩვენ, ძალიან მარტივს. არის შესაძლებლობა, რომ პროპორციული არჩევნები მივიღოთ ისე, რომ 113 ხმა არ იყოს საჭირო. უბრალო უმრავლესობითაც არის შესაძლებელი, თუ არის ამის პოლიტიკური ნება უბრალო უმრავლესობაში. ჩვენ, ბუნებრივია, ვხდებით, რომ მსგავსი არაფერი ხდება და კლოუნადაში ვმონაწილეობთ. ეს იქნება უბრალოდ მხილება“, – განაცხადა მიხეილ მშვილდაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეეცდება თუ არა რუსთაველის გამზირზე გზის გახსნას.

„არაფერს შევუშინდებით. ჩვენ ვაპირებთ დაუმორჩილებლობას, ეს არის ჩვენი კანონიერი უფლება. თუ აქ გზის გახსნას დააპირებენ და თვლიან, რომ მთავარი პრობლემა გზის გადაკეტვაა, ამ შეურაცხყოფისა და მასკარადის შემდეგ, ეს მათი გადასაწყვეტია. მე არ ვიცი, ხელისუფლება რას აპირებს, ესკალაციას ველოდოთ თუ რას ველოდოთ, საერთოდ არ გვინდა არანაირი ესკალაციის მოლოდინი, მაგრამ იცოდნენ, რომ ჩვენ აქ ვდგავართ. ყველაფერი კარგის მოლოდინით ვდგევართ. მაქსიმალურად ვეცდებით, გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი რჩება. მათ კარვები აქვთ გაშლილი. პერიმეტრზე უსაფრთხოების მიზნით განლაგებულნი არიან საპატრულო ეკიპაჟები.

აქციის მონაწილეების მოთხვნები უცვლელი რჩება: ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება, გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება და ცესკო-ს ხელახლა დაკომპლექტება.