მიშა ბაღათურია - სიჩქარის გადაჭარბება და ნასვამ მდგომარეობაში მართვა უკვე ითვლება ცუდ ტონად
მიშა ბაღათურია - სიჩქარის გადაჭარბება და ნასვამ მდგომარეობაში მართვა უკვე ითვლება ცუდ ტონად

სიჩქარის გადაჭარბება და ნასვამ მდგომარეობაში მართვა უკვე ითვლება ცუდ ტონად, – ამის შესახებ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა, მიშა ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩემ ახალგაზრდობაში ასე არ ითვლებოდა, „ვგონკაობდით“, საბუთის გარეშე დავდიოდით და ა.შ. იყო ასეთი დრო, მაგრამ ვფიქრობ, ახლა ასე აღარ არის. რასაც ჩემ გარემოცვაში ვუყურებ, ასე ნამდვილად აღარ არის, როგორც ადრე იყო, როცა საჭესთან ყველა ჯდებოდა, ვისაც უნდოდა; თუ კარგად ისწავლიდნენ, 14 წლის ბავშვებს ბაბუები მანქანას ჩუქნიდნენ და ა.შ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ამ განცხადებით მიშა ბაღათურიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სიჩქარის გადაჭარბება, საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ჯდომა და სხვა დარღვევები აუცილებლად ცუდ ტონად ითვლებოდეს.

შეკითხვაზე, რამდენად დიდია ამ მიმართულებით ცნობიერების ცვლილება თაობებს შორის, ბაღათურიამ აღნიშნა, რომ სხვაობა თვალსაჩინოა და დამოკიდებულებების ცვლილებაზე ძალიან კარგად მოქმედებს მაგალითად, სოციალური რეკლამა.

„მაგალითად, პირადად ჩემზე უმოქმედია სოციალურ რეკლამას. რომ უყურებ, რაღაც სხვანაირად აღიქვამ და შეიძლება, დაგაფიქროს. შესაძლოა, ასეთ რაღაცაზე არ ფიქრობდე, მაგრამ რომ უყურებ, გაფიქრებს.

ვფიქრობ, სოციალური რეკლამების კამპანია უნდა გაგრძელდეს და რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა.

დატოვე კომენტარი