მიშა ბაღათურია - აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს
მიშა ბაღათურია - აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს

აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს, – ამის შესახებ ‬წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრმა, მიშა ბაღათურიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შესაძლოა, ადამიანები არანაირ სპორტულ წრეში არ ჩაერთონ, უბრალოდ, გარეთ ირბინონ. უნდა არსებობდეს მეტი სკვერი, მოედანი, დარბაზი და აუზი, რომ ადამიანებმა იქ შესვლა და თამაში, თუ ვარჯიში შეძლონ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

როგორც მიშა ბაღათურიამ განაცხადა, ის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანას მალე მეტი სკვერი, მოედანი, დარბაზი და აუზი ექნება, რაც მოქალაქეებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის საშუალებას მისცემს. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ღონისძიებებია გასატარებელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად და როგორ უნდა ჩაერთონ პროცესში პროფესიონალი სპორტსმენები, მიშა ბაღათურიამ განაცხადა, რომ სპორტსმენები ვალდებული არიან, ამ პროცესში ჩაერთონ.

„აუცილებელია, რეგიონებში ჩავიდეთ და ახალგაზრდებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ტრენინგები და მასტერკლასები ჩავუტაროთ და ა.შ. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებთან პირადი ურთიერთობა გვქონდეს, რადგან მათთვის ალბათ, ჩვენ მაგალითი ვართ. როცა ვხვდებით, ისინი ცოტა სხვანაირად გვიყურებენ, უხარიათ და მეტი მოტივაცია აქვთ“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, მიშა ბაღათურიამ განაცხადა, რომ სპორტულ საზოგადოებაში ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც ნარკომომხმარებლის ციხეში გაშვებას ემხრობა, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია, ახალგაზრდებისთვის ალტერნატივის შეთავაზება მოხდეს, მაგალითად, სპორტულ აქტივობებში ჩართვა და ა.შ.