მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა შესაძლოა, გადაიდოს
მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა შესაძლოა, გადაიდოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძის წინასასამართლო სხდომა იწყება. როგორც მორჩაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მერაბ მორაჩაძე საავადმყოფოში მკურნალობს, რის გამოც, შესაძლოა სხდომა გადაიდოს.

„მერაბ მორჩაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცინო დაწესებულებაშია. არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა სხდომა. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების წარმოდგენა იწყება. წარვადგინეთ ის ინფორმაცია, რაც მის უდანაშაულობას ადასტურებს და მზად ვართ, ამის დასამტკიცებლად“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.