მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს, 20:30 საათზე ჩაინიშნა
მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს, 20:30 საათზე ჩაინიშნა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი სასამართლოში 20:30 საათზე ჩაინიშნა.

მირზა სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დღეს წარედგინა.

ამასთან, დღეს ბრალი წარედგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძესაც. მორჩაძის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო ხვალ, 11:00 საათზე იმსჯელებს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

თბილისში, ​ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.