მირზა ნოზაძე - ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა არ იყო შეხვედრისთვის, ჩამოსული იყვნენ მოსასმენად, გაიზიარეს ჩვენი პოზიციები, ჰიპოთეტურად განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც
მირზა ნოზაძე - ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა არ იყო შეხვედრისთვის, ჩამოსული იყვნენ მოსასმენად, გაიზიარეს ჩვენი პოზიციები, ჰიპოთეტურად განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც

ძალიან პოზიტიურია მათი მხრიდან აღიარება, რომ ჰიპოთეტურად განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც, თუ ვერ დასაბუთდება ამ კონკრეტული პროექტის მიზანშეწონილობა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს შეხვედრა არ იყო შეხვედრისთვის. ისინი იყვნენ ჩამოსული რეალურად მოსასმენად და გაიზიარეს ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით პრინციპულები, ჩვენ გვაქვს მათთვის ახსნილი, თუ რა პირობების შემთხვევაში დავუშვებთ დიალოგის ფორმატში ამ საკითხების განხილვას. რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია მათი მხრიდან იმის აღიარება, რომ ჰიპოთეტურად ისინი განიხილავენ ჰესის არაშენების ვერსიასაც, თუ, რა თქმა უნდა, ვერ დასაბუთდება ამ კონკრეტული პროექტის მიზანშეწონილობა. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან პოზიტიური ნაწილი. თუმცა, მიუხედავად ამ პოზიტიური და მათგან გულწრფელი პოზიციის ჩვენებისა მათ ისიც დაინახეს და მკაფიოდ შეთანხმდნენ თვითონაც, რომ ჩვენ არ ვართ ის პროტესტი, რომლებსაც მოელაპარაკებიან ან რომლებთანაც დაალაგებენ რამე საკითხს, გარდა არსობრივი და ჭეშმარიტი განხილვისა ამ პროტესტის. მათ აღიარეს, რომ ჩვენი მარგინალიზება და ჩვენზე ის პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობდა შეწყდება და არ გაგრძელდება, რადგან ისინი ცნობენ ამ პროტესტის რეალურ სულისკვეთებას. ეს არის ძალიან პოზიტიური, თუმცა, ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს, თუ რას გადაწყვეტენ, რა დათმობებზე შეძლებენ წასვლას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაგრძელებთ პრინციპულად იმის მოთხოვნას, რასაც ვითხოვდით და ამ პროტესტს აუცილებლად მივიყვანთ ხალხის გამარჯვებამდე“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისა და გუბერნატორების, ასევე დეპუტატებისა და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შეხვედრა დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

დიალოგში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.