მირზა ნოზაძე - არ დავიღლებით, ნერვები არ გვიმტყუნებს, აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, ვაიძულებთ ხელისუფლებას ანგარიში გაუწიოს ხალხის ძალას
მირზა ნოზაძე - არ დავიღლებით, ნერვები არ გვიმტყუნებს, აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, ვაიძულებთ ხელისუფლებას ანგარიში გაუწიოს ხალხის ძალას

დღევანდელი განცხადებით ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ თვითონვე გამორიცხა სივრცე დიალოგის, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ განაცხადა.

„ჩვენ პოზიციას ვთმობდით და ვამბობდით, რომ თუ დიალოგი და დისკუსია დაადგენდა ნამახვანის ჰესების კასკადის მიზანშეწონილობას და ეროვნული ინტერესების თანხვედრობას, რა თქმა უნდა, ჩვენ, არ დაგვრჩებოდა მორალური უფლება გაგვეგრძელებინა პროტესტის და იმავეს მოვითხოვდით ხელისუფლებისგან, თუ საპირისპირო შედეგი დადგებოდა დიალოგის შედეგად, მათაც უნდა მოეძებნათ ხელშეკრულების გაუქმების ნება და ამის პირობა მივიღეთ. ჩვენ გვაქვს ჩანაწერი, რომელიც არის სამ საათზე მეტი დროის და იქ ძალიან კარგად ჩანს, როგორ მკაფიოდ შევთანხმდით ჩვენ ამ კონკრეტულ ფორმატზე დიალოგის“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი განცხადებით, ხელისუფლებამ აჩვენა თავისი პოზიცია, რომ მიუხედავად დიალოგისა, ისინი ისევ აპირებენ კაშხლის აშენებას, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგი დადგება დიალოგში.

„ხელისუფლება უპირობოდ განიხილავს კაშხლის აშენებას. ისიც, რომ ხელშეკრულება გადაეცა იუსტიციის სამინისტროს განსახილველად, არის მხოლოდ ფარსი, რადგან იუსტიციის სამინისტროა ის ორგანო, ვისაც ხელშეკრულება უნდა დაემტკიცებინა, ვიდრე მასზე ხელს მოაწერდა უფლებამოსილი პირი. ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს თავის თავი, როგორც დიალოგის მომწოდებელი, თუმცა ჩვენ ვნახეთ კონსტრუქციული დამოკიდებულება. ამისთვის კრიტიკაც კი მივიღეთ ჩვენი მხარდამჭერების, რომ ჩვენ თითქოს სასათბურე პირობებს ვუქმნით ხელისუფლებას. თუმცა, დღეს გამოჩნდა, როგორი თანმიმდევრულები ვართ, როგორი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ კონსტრუქციულობას, რაზეც მოგვიწოდა საპატრიარქომ, რასაც ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას პირველივე დღიდან, მაგრამ შედეგი გვაქვს ის, რომ ხელისუფლება აგრძელებს ხელის გადაგრეხვის, რეპრესიული მეთოდებით ბრძოლას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ იმ სამი პირობის ასრულება, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობდა დიალოგის ფორმატის დაშვებიდან, გამოიწვევდა ბუნებრივ დეესკალაციას პროცესისას, რაც ყველას ინტერესებში უნდა ყოფილიყო წესით. ვიხილეთ ხელისუფლების კვლავ უგუნური და არაადეკვატური შეფასება მოვლენების და ვართ დღეს იქ, სადაც ვართ. არ გვიხარია, თუმცა არ დავიღლებით, ნერვები არ გვიმტყუნებს. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის და აუცილებლად ვაიძულებთ ხელისუფლებას ანგარიში გაუწიოს ხალხის ძალას. აუცილებლად ვაღიარებინოთ ხელისუფლებას, რომ სწორედ ხალხია დიალოგის მეორე მხარე, ხალხთან უნდა დაჯდეს დიალოგში და არა ის, რომ ხალხის პარალელურად ცდილობდეს, როგორ გაამართლოს ხარვეზები და შეცდომები“, – განაცხადა ნოზაძემ.