მირიან წიკლაურს უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
მირიან წიკლაურს უმრავლესობის დატოვებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

დეპუტატს, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ წევრ მირიან წიკლაურს უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე გუნდიდან გარიცხვის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.

„არ არის დაფარული, რომ გარკვეული საკითხების მიმართ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ეს იყო სასამართლოს საკითხები, ნარკოტიკებთან დამოკიდებულება და ასე შემდეგ. მიმდინარეობს აზრთა შეჯერება, კამათი, ხანდახან ცხარეც,ზოგჯერ კორექტულობის ფარგლებსაც სცდება, თუმცა ვფიქრობ, ეს ცოცხალი პროცესია.თავისთავად ცხადია, არსებობს გარკვეული მომენტები, როცა ორი ვერ თანხმდება. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი იძულებულია, დატოვოს გუნდის ნაწილი, რომელსაც არ ეთანხმება“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.

დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება გუნდში დარჩენა-არ დარჩენის საკითხზე დამოკიდებული იქნება, რამდენად შეჯერდება შეხედულებები სასამართლო, საგადასახადო და საპენსიო სისტემების, ასევე ეკონომიკური ხედვების შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს. ამასთან, უმრავლესობის დატოვებას გეგმავენ ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის რამდენიმე წევრი.