მირიან წიკლაური - უცნაურია, რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მიტინგს როცა მართავ, წადი და ამერიკაში რუსეთის საელჩოსთან, ევროკავშირში, სტრასბურგში გამართე
ოპოზიციის მცდელობები ხალხის უკმაყოფილების გამოწვევისკენაა მიმართული, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
წიკლაური აცხადებს, რომ უცნაურია რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მიტინგის გამართვა და ის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ცხადია, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც დღესაც გრძელდება. პერიოდული გამწვავებები მოყვება ამას, ეკონომიკური ბერკეტების რღვევა. ხალხის უკმაყოფილება გაიზრდება და სწორედ აქეთ არის მიმართული ეს ყველაფერი. ამისკენაა მიმართული ოპოზიციის მცდელობები. ჩემთვის უცნაურია, რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მიტინგს როცა მართავ, ვის სთხოვ ამით პასუხს. წადი და ამერიკაში გამართე რუსეთის საელჩოსთან, ევროკავშირში გამართე, სტრასბურგში.
ჩემი აზრით, ეს აქციები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ყველაფერი ეს მიმართულია იქითკენ, რომ შეიქმნას დესტაბილიზაციის განცდა, ეს პირდაპირ დაარტყამს და ჩამოშლის ეკონომიკას, მათ შორის, თქვენ დაინახეთ, რომ ტურიზმის სექტორში სერიოზული კრიზისია – უკვე ორი მილიარდი დოლარი დავკარგეთ. ეს, რა თქმა უნდა, არის აქციების ბრალიც. ეს არასტაბილურობის განცდას აჩენს. არასტაბილურ გარემოში ტურისტი არ ჩამოვა“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.