მირიან წიკლაური - პროპორციული საარჩევნო სისტემა სამომავლოდ შესაძლოა, მუდმივი კრიზისების წყარო გახდეს
მირიან წიკლაური - პროპორციული საარჩევნო სისტემა სამომავლოდ შესაძლოა, მუდმივი კრიზისების წყარო გახდეს

პროპორციული საარჩევნო სისტემა სამომავლოდ შესაძლოა, მუდმივი კრიზისების წყარო გახდეს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მირიან წიკლაურის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება საქართველოს მოსახლეობას რეფერენდუმის საშუალებით შეეძლებოდათ.

„ჩემი აზრით, ხელისუფლება საზოგადოებას სთავაზობს უაზრობამდე მისულ საარჩევნო კანონს. ამ კანონით ვისაც არ ეზარება შეუძლია ყველას პარლამენტში მოხვდეს. პირადად მე არ ვუჭერ პროპორციულ სისტემას მხარს.

ჩემი აზრით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არც თუ სასარგებლო იქნება ჩემი ქვეყნის მომავლისათვის. ამან თავისთავად შეიძლება დროებითი განმუხტვითი შედეგი გამოიღოს, მაგრამ სამომავლოდ მუდმივი კრიზისების წყარო გახდეს. ქვეყანაში ვერ გვექნება მყარი უმრავლესობა, თავისთავად უნდა მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს შორის მოლაპარაკებები, რაც ძალიან რთული იქნება, მაგალითად ისეთ თემებზე როგორიცაა ბიუჯეტი, მთავრობის ჩამოყალიბება, პრეზიდენტის არჩევა. შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში მთავრობის ჩამოყალიბებასა და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობასთან ერთად პრეზიდენტის კანდიდატურაზეც ვერ მოხდეს შეთანხმება. ამან დიდი კრიზისები შეიძლება გამოიწვიოს.

პირადად მე გადაწყვეტილების მიღების უფლებას საზოგადოებას მივცემდი. ჩავატარებდი რეფერენდუმს და გავიგებდი, თუ როგორი სისტემა სურს საზოგადოებას“, – განაცხადა მირიან წიკლაურმა.