მირიან წიკლაური - ნარკოტიკებით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ ზნეობრივი არ არის
მირიან წიკლაური - ნარკოტიკებით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ ზნეობრივი არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური მარიხუანას ექსპორტის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით მისი ეფექტურობა დადასტურებული არ არის.

როგორც ჟურნალისტებს წიკლაურმა განუცხადა, მოსაზრება არსებობს, რომ საქართველომ კოსმეტიკური და სამედიცინო მოხმარებისთვის მარიხუანას წარმოება და მისი ექსპორტზე გატანა დაიწყოს.

„მარიხუანას სამედიცინო მოხმარებაზე ეფექტურობა დადასტურებული არ არის. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი შეიძლება იყოს, მაგრამ განხილული უნდა იყოს, მარიხუანაზე დამზადებულმა ზოგიერთმა პრეპარატმა რაიმე სამკურნალო ეფექტი შეიძლება იქონიოს თუ არა. ამაზე მსჯელობა მხოლოდ შემდეგ შეიძლება. ნარკოტიკზე მსოფლიოში მოთხოვნაა და ამისგან “დილერები” დიდ შემოსავალს ღებულობენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ თავის თავზე მოიხმაროს ვაჭრობა და ეს ბინძური საქმე შემოსავლის წყაროდ აქციოს. თუ სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას დამზადებაზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ეფექტურობა დადასტურებული არ არის. თუ სხვა ქვეყნის მოსახლეობას ნარკოტიკს მივაწვდით და ამით ზიანს მოვუტანთ, ეს ჩემთვის მოზანშეწონილი არ არის. ზოგადად, მსოფლიოში ნარკოტიკებით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესია, მაგრამ ზნეობრივი ბიზნესი არ არის. ეს უზნეო საქმეა, ეს არის სიკვდილით ვაჭრობა. უამრავი ადამიანის უბედურებაზე აწყობილია და რაც არ უნდა დიდი ფული მოიტანოს, მომხრე არ ვიქნები”, – განაცხადა წიკლაურმა.