მირიან ქათამაძე - ქობულეთის აგრარულ ბაზარში ვითარებას მაქსიმალურად გავაკონტროლებთ
მირიან ქათამაძე - ქობულეთის აგრარულ ბაზარში ვითარებას მაქსიმალურად გავაკონტროლებთ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი დღეს დილიდან გაიხსნა.

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის განცხადებით, მანამდე ტერიტორიას დეზინფექცია ჩაუტარდა.

მისივე განმარტებით, ბაზრის ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება ყველა ავტომანქანის შესვლა და მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია, ხოლო ბაზარში შემსვლელ ყველა პირს თერმოსკრინინგი უტარდება.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს დილიდან გაიხსნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი. გუშინ საღამოს მთლიანად ბაზრის ტერიტორიას ჩაუტარდა დეზინფექცია, რომელიც მერიის მუნიციპალურმა საწარმომ, დეზინფექციის სამსახურმა განახორციელა. დღეს მკაცრად იყო ცენტრალურ ბაზარში განსაზღვრული შესასვლელი და გამოსასვლელი, კონტროლდებოდა ყველა ავტომანქანის შესვლა და ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვიზიტორს, რომელსაც სურდა ბაზარში შესვლა, თერმოსკრინინგი უტარდებოდა“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, არსებულ მდგომაროებას ადგილზე გაეცნო.

„მაქსიმალურად აკონტროლებს სიტუაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის, აქვს თუ არა ადამიანებს დამცავი საშუალებები და განსაკუთრებით კონტროლდება პირბადეების გამოყენების საკითხი. ბაზარში არსებულ სიტუაციას ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

დატოვე კომენტარი