მირიან ნიკოლაძის განცხადებით, არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა დნმ არ აღმოჩნდა
მირიან ნიკოლაძის განცხადებით, არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა დნმ არ აღმოჩნდა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა დნმ პროფილები არ აღმოჩნდა.

„შესაძლებელია, თქვენ მიკროფონი ხელში გეჭიროთ, შემდეგ შევამოწმო და თქვენი დნმ არ აღმოჩნდეს. ამ დროს მე ვსაუზმობ, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, ჩემი ნერწყვი ან რაღაცა გადავიდეს და ჩემი ამოვიდეს, თქვენი არ ამოვიდეს. ამიტომ, არ ამოვიდა არ ნიშნავს, რომ ვიღაცას მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ძირითადად ეს არის ვერსიები, რომლითაც კვებავენ საზოგადოებას. ადვოკატი იმის ადვოკატია, რომ უნდა დაიცვას ბრალდებულის ინტერესები. როდესაც ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს, ადვოკატი ვალდებულია, რაიმე ფორმით, გამოგონილით, შეთხზულით დაიცვას მისი ეს პოზიცია. ფაქტია, უკვე სამი თვე ხდება, მათ ვერც ერთი სერიოზული ვერსია ვერ შესთავაზეს საზოგადოებას, ვერც ოჯახს. ელემენტარულ კითხვას ვერ სცემენ პასუხს. „ტოიოტა ქამრის“ გარდა იყო თუ არა ვინმე იქ, ამაზე პასუხი არ აქვთ. მათ არ აქვთ პასუხი იმაზე, ასეთი მშვიდი და წყნარი გარემო თუ ჰქონდათ და ასე თავაზიანად წაიყვანეს ამირხანაშვილი, მეორე დღეს რას დაეძებდნენ, რას დაძრწოდნენ მცხეთაში, თუ რაიმე არ ჰქონდათ ჩადენილი ან რაიმე არ ჰქონდათ გაფუჭებული. ძირითადად ისინი პასუხს ვერ სცემენ და გვთავაზობენ რაღაც ვერსიებს, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს გამოძიებას“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მას მკვლელობის დღეს ჰქონდა, ბრალდებულთა დნმ ნიმუშები არ აღმოჩნდა.

დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ დაიკითხება ექსპერტი, რომელიც ახსნის, რა შემთხვევაში რჩება დნმ პროფილები ჩანთაზე და რა შემთხვევაში იშლება.