მირიან ნიკოლაძე - სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიწყება დამატებითი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რა ვითარებაში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში
მირიან ნიკოლაძე - სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიწყება დამატებითი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რა ვითარებაში აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიწყება დამატებითი ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, რა ვითარებაში აღმოჩნდა 19 წლის ახალგაზრდა მდინარე არაგვში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელობასთან, ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით, რომ ის პერიოდი, რომელიც დარჩენილია გამოძიებისთვის, საუბარია ორკვირიან ვადაზე, უნდა იმყოფინოს გამოძიებამ იმისთვის, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებით ამოწუროს ეს ვითარება. აქ იგულისხმება კომისიური ან კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, ელოდებიან სხვა ექსპერტიზის პასუხებსაც. ყველა პირს, ვინც გიორგის განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა უნდა წარედგინოს ბრალი 109-ე მუხლით. დამატებითი ექსპერტიზა გულისხმიბს სიტუაციურ ნახაზებს, როგორ შეიძლება მიეყენებინათ გიორგისთვის დაზიანებები, ამ ვითარებაში შეიძლებოდა თუ არა რომ სხვა გარემოებებს ემოქმედა – აქ ბევრი ნიუანსია. დამატებით ექსპერტიზაში სპეციალისტთა ფართო წრემ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ დადგინდეს ის დეტალური გარემოებები, რაზეც ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს განზრახ მკვლელობის განხორციელების ყველაზე უფრო ახლოს მდგომი გარემოებები – როგორ მოკლეს გიორგი და როგორ გადააგდეს წყალში, შესაძლებლობების მაღალი ხარისხით უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი. ამას გარკვეული სირთულეები ახლავს, თუმცა ეს არ არის დაუმტკიცებელი. ჩვენებებისა და ვიდეოფირების არარსებობის მიუხედავად, ექსპერტიზების დასკვნები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, დამატებითი სახის მტკიცებულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პირებს დაუდასტურდეთ განზრახ მკვლელობის ბრალდება“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.