მირიან ნიკოლაძე - ოჯახი ენდობა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომ „ქამრიში“ მსხდომმა პირებმა ჩაიდინეს შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა
მირიან ნიკოლაძე - ოჯახი ენდობა ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომ „ქამრიში“ მსხდომმა პირებმა ჩაიდინეს შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ენდობა და ფიქრობს, რომ ის ამომწურავია.

მირიან ნიკოლაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შაქარაშვილი მდინარე არაგვში გადააგდეს იმავე პირებმა, რომლებმაც მას დაზიანებები მიაყენეს.

მირიან ნიკოლაძის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომ „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომმა პირებმა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა.

„ბუნებრივია, ჩვენ ოჯახი ენდობა ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან მასში ჩართული არიან ჩვენი ნდობით აღჭურვილი ექსპერტები, იმავდროულად ეს დასკვნა არის ამომწურავი. საერთო ჯამში 14 კითხვა იყო. ნაწილზე მოსული იყო პასუხი, მეორე ნაწილზე ახლა მოვიდა. ბოლო ვერსიით უკვე ცალსახად დადასტურდა, რომ ზოგიერთი ტელევიზიის მიერ გავრცელებული არასერიოზული ვერსია, მაპატიეთ და აბდაუბდა – ბავშვის დაზიანება, სამი დღე მისი ტარება, ისევ წყალში გადაგდება და ა.შ. არის სისულელე. 3-4 დღე განისაზღვრა ბავშვის წყალში მყოფობა, ამასთან, დადასტურდა, რომ იმავე პირებმა გადააგდეს ბავშვი არაგვში, ვინც მიაყენა ბავშვს ფიზიკური დაზიანებები, ვინაიდან 10-20 წუთი განისაზღვრა ბიოლოგიური სიკვდილის დროდ. ხაზგასმით დადგენილია, რომ ბავშვი გადააგდეს არაგვში. ამავე ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მიყენებული დაზიანების შედეგად, გიორგის ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა, გადაადგილებულიყო, ბუნებრივია, ეს განხორციელდებოდა თავდამსხმელების მიერ. შესაბამისად, საერთო ჯამში, ექსპერტიზის დასკვნა არის ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომ „ქამრიში“ მსხდომმა პირებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

რაც შეეხება ცრუ ჩვენების ფაქტზე დაკავებულ პირს, ნიკოლაძე ფიქრობს, რომ დროული რეაგირება განხორციელდა.

„არ შეიძლება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა, ამით სარგებლობა, მნიშვნელობა არ აქვს, დაკვეთა მიიღო და ის შეასრულა თუ არა. რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე მისი დატოვება იყო შეუძლებელი. ახალგაზრდა გოგონაა, ბავშვი ჰყავს და სიმკაცრე ალბათ არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ფაქტის გამოვლენა, რომელიც სამომავლოდ პრევენცია უნდა გახდეს სხვა პირებისთვის, რომ ასე არ შემოგვიგდონ ეს მოწმეები, ტყუილად არ ხარჯონ დრო, ენერგია და რესურსი სასამართლოშიც და გამოძიებაშიც “, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

კითხვაზე საპასუხოდ ნიკოლაძე ამბობს, რომ მისი აზრით, დაკავებულის ქმედება დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას ემსახურებოდა.

„ვერც გამოვრიცხავ, ვერც დავადასტურებ, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით ამ კამპანიას, რომელიც ხელს აფარებდა დამნაშავეებს და გრძელდება. პრიდაპირ გეუბნებით ოჯახის, მშობლების, მამის და დედის პოზიციას, რომ ტვ მთავარი და მასთან ასოცირებული ჟურნალისტები მკვლელებს აფარებენ ხელს. ისინი ქმნიან მცდარ საზოგადოებრივ აზრს, რომ რამენაირად მოხდეს საქმის გაფუჭება, დაუსჯელები დარჩნენ დამნაშავეები და შემდგომ ეს გამოიყენეონ მანკიერი პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ვერ მოხდა და არც მოხდება ამ თემის პოლიტიზირება, ბავშვის ხსოვნის და ჩვენი ტრაგედიის მათი მიზნებისთვის გამოყენება, პერსპექტივა არ აქვთ“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი