მირდატ ქამადაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა რეგიონში შარშან განხორციელებულ ინვესტიციებზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მირდატ ქამადაძის განცხადებით, რეგიონის მთავრობა არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამტკიცებს, რომ აჭარაში შარშან 3 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია შევიდა.
მირდატ ქამადაძის თქმით, „საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაციით, გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 909 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია, აჭარაში კი, მხოლოდ 112 მილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.
„თუ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არ გააკეთებს განმარტებას, ან არ მოიხდის ბოდიშს ტყუილისთვის, ვარწმუნებ, რომ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
აჭარაში ინვესტიციებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განცხადება რამდენჯერმე გააკეთეს.
ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ოპოზიცია ციფრებს ვერ ითვლის.