„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ ბათუმის მერიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ ბათუმის მერიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, მირდატ ქამადაძემ ქალაქის მერიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

დეპუტატმა მერიის შენობის წინ სიმბოლურად ის ხელსაწყოები მიიტანა, რომლებსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყენებენ და უკვე ორ თვეზე მეტია, ვერ მუშაობენ. ამ ჟესტით მირდატ ქამადაძე საკრებულოს უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოუწოდებს, სადაც მის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის განხილვას ითხოვს. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბათუმის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა გასცეს ათიათასობით ბათუმელს, თუ როგორ აპირებენ მათი ფინანსური პრობლემების გადაჭრას.

„მე ამ პროფესიის ადამიანებთან ერთად ველოდები, როდის ჩანიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომას. თუ არ ჩანიშნავს, პარასკევს საკრებულო შეიკრიბება და მაინტერესებს, ეყოფათ თუ არა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გამბედაობა, მოვიდნენ სხდომაზე. ვიმსჯელებთ, სად უნდა წავიდეს, მაგალითად, ბათუმობისთვის გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი, რომელიც ღონისძიების აღსანიშნავად ვეღარ დაიხარჯება,” – აცხადებს მირდატ ქამადაძე.