გამოცემა „ინყაზანის“ ცნობით, ყაზანის „რუბინს“ თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე დატოვებს. რუსული გამოცემის ინფორმაციით, ყაზანელები ქართველ მოთამაშესთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.
22 წლის მიქელთაძე რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და „რუბინთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მიმდინარე სეზონში, მან „რუბინში“ 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი მოსკოვის „დინამოს“ გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ მიქელთაძე „რუბინთან” ერთად თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრა, მაგრამ პოლონურ „ლეხიასთან” ამხანაგურ მატჩში მოედანზე არ გამოჩენილა. შესაძლოა, ბექამ თამაში რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში გააგრძელოს.
ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის პირობითი ღირებულება 600 ათასი ევროა – ასე აფასებს მიქელთაძეს გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“.