მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში - ფეხბურთის ფედერაციაში კომენტარს არ აკეთებენ
მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში - ფეხბურთის ფედერაციაში კომენტარს არ აკეთებენ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმღვანელობამ გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში თამაშზე დაითანხმა.

20 წლის ქართველი თავდამსხმელი საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი. მისი ტრანსფერი ლიგა 1-ის (საფრანგეთის უმაღლესი ლიგა) „მეცს“ ეკუთვნის. მაგრამ ამჟამად იჯარით ბელგიურ „სერენში“ თამაშობს, სადაც ბოლო დრომდე ლიგის ბომბარდირი იყო.

მოკლედ, გავრცელებული ცნობის მიხედვით, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს პასპორტის აღებას დათანხმდა და „ჯვაროსნებს“ მარტის სანაკრებო შეკრებაზე შეუერთდება.

ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე კომენტარი არ ისურვეს. თუმცა, სფფ-ს წარმომადგენლებმა საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირეს, რომ მიქაუტაძესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 14 მატჩი ჩაატარა და 16 გოლით ბელგიის პირველ ლიგაში ლიდერობდა. მაგრამ „მოლენბეკთან“ გაძევების გამო თამაშები გააცდინა და ბრიუსელის „უნიონის“ ბელგიელმა თავდამსხმელმა დანტე ვანზეინმა ერთი გოლით გაასწრო. თუმცა მან ეს 19 მატჩში მოახერხა (საშუალოდ, მატჩში 0,894 გოლი), ქართველის მაჩვენებელი კი უფრო მაღალია – საშუალოდ თამაშში 1,142 გოლი.