მიქაელ ბოტკოველი - სახელმწიფოს ვთხოვთ, გამკაცრდეს კანონი, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველი
მიქაელ ბოტკოველი - სახელმწიფოს ვთხოვთ, გამკაცრდეს კანონი, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველი

სახელმწიფოს ვთხოვთ, დაგვეხმარონ საკითხის მოგვარებაში, გამკაცრდეს კანონი, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა პირველ არხს განუცხადა.

„ეს სახელმწიფოსთვის იქნება ძალიან ცუდი, რადგან ჩვენ გვაქვს ცუდი პრეცედენტები, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწორედ რელიგიურ ნიადაგზე წარმოიქმნება ხოლმე ასეთი მძაფრი დაპირისპირებები და ეს ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, ამიტომაც მოვუწოდებთ ყველას, რომ სიმშვიდე გამოიჩინონ“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისი თქმით, როდესაც კონკრეტული პირი არ ითვალისწინებს, რომ რელიგიურ უმრავლესობას (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლებს) შეურაცხყოფა არ მიაყენოს, საჭიროა, კანონში ცვლილებების შეტანაზე დაიწყოს მსჯელობა და მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაულში გადავიდეს.

„თუ ადამიანს ვერ აჩერებს ის, რომ მან არ უნდა მიაყენოს რელიგიურ უმრავლესობას (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლებს) შეურაცხყოფა და არც არავის უნდა მიაყენოს, მაშინ, ალბათ, საჭიროა, ვიმსჯელოთ და შევიტანოთ კანონში ცვლილება და ეს ქმედება გადავიტანოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.

ასეთი გამოთქმა არსებობს ეკლესიაში, თუ ადამიანს სიყვარული ვერ გააჩერებს, მაშინ ის შიშმა უნდა გააჩეროს, ამიტომაც წერია წმინდა წერილში, რომ შიში შეიქმს სიყვარულსაო. თუ სიყვარული იქნება, შიში აღარ იქნება საჭირო, მაგრამ როდესაც არ არის სიყვარული, მაშინ შიში უნდა იყოს, რადგანაც სხვანაირად არ გამოდის. ეს გამოიწვევს ძალიან დიდ მღელვარებას საზოგადოებაში და ჩვენ ერთხელ ვნახეთ პრეცედენტი, როდესაც მასთან ანგარიშის გასასწორებლად მივიდა ახალგაზრდების ჯგუფი“, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

საქართველოს საპატრიარქომ 24 მაისს სამღვდელოებას მოუწოდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტონ, არ მისცენ ინტერვიუ და მონაწილეობა არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში.

საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ტელეკომპანიის გადაცემები იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს“. საპატრიარქოს განცხადება მოყვა გადაცემა „არჩევანში“ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ კომენტარს.

„შეამჩნევდით, რომ სტუდიაში დღეს ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.

ამასთან, განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, „გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“.