მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მიმდინარეობს
მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მიმდინარეობს

მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია მიმდინარეობს. როგორც სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იუწყება, ინაუგურაცია ამჟამად დამოუკიდებლობის სასახლეში იმართება. მანამდე სასახლესთან, სადაც ლუკაშენკოს რეზიდენცია მდებარეობს, სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ 22 სექტემბერს ტელეგრამარხმა „ნექსტამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკოს ინაუგურაცია შესაძლოა, „საიდუმლოდ“ გამართულიყო, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საპროტესტო აქციები.

როგორც რუსული მედია წერს, ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი, მათ შორის იყვნენ ბელარუსი მაღალჩინოსნები, მედიასაშუალებების ხელმძღვანელები, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლები. ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ლუკაშნეკოს ინაუგურაციის შესახებ არაფერი იცოდნენ.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.