მინსკის არენაზე „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს [ფოტო]
მინსკის არენაზე „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს [ფოტო]

ბელარუსში, მინსკის არენაზე „საბავშვო ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ბელარუსიდან იუწყება.

მონაწილე 20 ქვეყნის დელეგაციები კონცერტის ტრანსლაციას ფანკლუბში უყურებენ.

მონაწილეების დღევანდელ გამოსვლას საერთაშორისო ჟიური აფასებს. თამარ ედილაშვილი სცენაზე თბილისის დროით 20:10 საათზე გამოვა.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა გუშინ, 23:00 საათზე დაიწყო და კვლავაც გრძელდება. ხმის მიცემის პროცედურა 25 ნოემბერს, გრანდიოზული შოუს დაწყების წინ შეწყდება და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ისმეშვეობით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა მონაწილის ვიდეორგოლი; ხმა მისცეთ სამ, ოთხ, ან ხუთ ფავორიტ მუსიკალურ ნომერს. შეგიძლიათ, მხარი დაუჭიროთ თქვენს ქვეყანას, თქვენივე ქვეყნიდან.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი წელს მეორედ მასპინძლობს.

მასშტაბური შოუ 25 ნოემბერს მინსკში გაიმართება. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ფინალური შოუ 20-ივე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა. საბავშვო ევროვიზია 2018-ის დასკვნით ღონისძიებას მაყურებელი პირველი არხის ეთერში, პირდაპირი ტრანსლირებით იხილავს.