მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს
მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

მინსკის აეროპორტში ორი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „ბელტა“ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მინსკის აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 17 იანვარს სამართალდამცველებმა 43 წლის გელა ქარდავა,ხოლო 18 იანვარს 45 წლის სულიკო შარიქაძე დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებისას გელა ქარდავამ სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თანამშრომლებს რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი წარუდგინა . ბელარუსის შსს-ს განცხადებით, მან დაადასტურა თავისი კრიმინალური სტატუსი და განაცხადა, რომ სტამბოლში „ქურდების“ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა.

ძალოვანი უწყების ცნობით, გელა ქარდავა 2013 წელს მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის “დედ ხასანის” სახელით ცნობილი ასლან უსოიანის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია.
რაც შეეხება სულიკო შარიქაძეს, ის ბელარუსში საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკავეს. შარიქაძე ბელარუსში ავტომობილით ჩავიდა რუსეთიდან, სადაც 7 დეკემბრამდე იარაღისა და ნარკოტიკის შეძენის გამო იხდიდა სასჯელს.