მინისტრი ვალდებული იქნება, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის წინაშე წარდგეს
მინისტრი ვალდებული იქნება, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის წინაშე წარდგეს

საქართველოს მთავრობის თითოეული წევრი ვალდებული იქნება, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის წინაშე წარდგეს.

„მინისტრის საათის“ სახელწოდებით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდა. ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ მინისტრის საათი გულისხმობს, პრემიერ-მინისტრის გარდა, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი კომპონენტის შესახებ მოხსენებით გამოსვლას.

ასევე, მოხსენება იმ საკითხებს უნდა შეეხოს, რომლებიც მინისტრის წინაშე აღნიშნული მუხლით დადგენილი წესით დაისმება.

პროექტის მიხედვით, მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტში წარდგომის განრიგს, მთავრობის წევრებთან შეთანხმებით და კომიტეტების ინიციატივების გათვალისწინებით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე, პარლამენტის ბიურო დაადგენს.

საჭიროების შემთხვევაში, დასაშვები იქნება განრიგში ცვლილების შეტანა ნებისმიერ დროს ისე, რომ დადგენილი ვადა დაცული იყოს.

ინიციატივის თანახმად, განრიგი ისე უნდა შედგეს, რომ სულ მცირე,  პლენარული სხდომების ყოველ ორ კვირაში ერთხელ, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის კვირის გარდა, მინიმუმ ერთი „მინისტრის საათი“ მაინც იყოს.

რაც შეეხება „მინისტრის საათის“ გამართვის პროცედურას, ცვლილებებით, მთავრობის შესაბამის წევრს პარლამენტში წარდგენამდე არაუგვიანეს 10 დღისა, კომიტეტების მიერ შედგენილი საკითხები ეგზავნება, რომლის გარშემოც „მინისტრის საათი“ უნდა წარიმართოს.

მინისტრი უფლებამოსილი იქნება, ვადის დაგვიანებით მიწოდებულ საკითხებზე არ ისაუბროს. პროექტით, „მინისტრის საათი“ მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით დაიწყება, რისთვისაც მას 45 წუთი მიეცემა, მთავრობის ცალკეული წევრის გამოსვლის შემდეგ კი, პარლამენტის წევრებს უფლება ექნებათ, მას დამაზუსტებელი კითხვით ერთხელ, არაუმეტეს ორი წუთით მიმართონ 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მთავრობის წევრი 30 წუთის განმავლობაში კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.

რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია „სამთავრობო საათის“  ფორმატს ითვალისწინებს. კერძოდ, რეგლამენტით, ყოველთვის, პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს, 16 საათიდან 19 საათამდე, როგორც წესი, „სამთავრობო საათი“ იმართება.  მეცხრე მოწვევის პარლამენტში „სამთავრობო საათი“ არ გამართულა, თუმცა დეპუტატებმა პლენარული სხდომის ფორმატში მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს.