მინიმალისტური ლიდერი, აღზევებული დორტმუნდი, 34-გოლიანი ტური | ბუნდესლიგის მე-17 ტურის მიმოხილვა
მინიმალისტური ლიდერი, აღზევებული დორტმუნდი, 34-გოლიანი ტური | ბუნდესლიგის მე-17 ტურის მიმოხილვა

ბუნდესლიგაში პირველი წრე დასრულდა. როგორც ჩანს, გუნდებმა ერთთვიან არდადეგებზე ლამაზად გამგზავრება გადაწყვიტეს და მე-17 ტურში მიმდინარე სეზონის შედეგიანობის რეკორდი დაამყარეს – 34 გოლი გაიტანეს.

გარდა ამისა, პირველი წრის ბოლო ტური განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა – ოთხი მატჩი დასრულდა შედეგიანი ფრით, აქედან სამივე შეხვედრას ისეთი ფინიში ჰქონდა, რის გამოც უყვართ გულშემატკივრებს გერმანიის ჩემპიონატი და გერმანული ფეხბურთი.

“შალკემ” რურის დერბიში 0:4-დან შეძლო გადარჩენა, ახლა კი ფრანკფურტში 0:2-დან მივიდა ფრემდე. გელზენკირზენელთა მშველელი ისევ ნალდო გახდა, რომელმაც 95-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.

“მაინცი” მე-17 წუთზე 0:2 ჩამორჩა “ვერდერთან”, მაგრამ 70-ე წუთზე და კომპენსირებულ დროში ორჯერ გაიტანა და აქაც 2:2 დაფიქსირდა.

ყველაზე დაუჯერებელი ქამბექი “აუგსბურგმა” შეძლო “ფრაიბურთან” საშინაო მატჩში. მასპინძლების ფორვარდმა ფინბოგასონმა პირველ წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს და 90-ე წუთისთვის 3:1-ს იგებდნენ. ფინბოგასონმა კომპენსირებულ დროში ორი გოლის გატანა მოუსწრო – 3:3.

თითქმის ერთთვიანი არდადეგების წინ, “ბაიერნი” აშკარად ეკონომ-რეჟიმში თამაშობდა და პირველად 1983 წლის შემდეგ, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო მინიმალური ანგარიშით – 1:0.

მიუნხენელებმა ყველანაირი შანსი მისცეს “შტუტგარტს” დადებითი შედეგის მისაღწევად – ნელა და მოსაწყენად აგორებდნენ ბურთს, ცუდად გამოიყურებოდნენ ფიზიკურად, ლევანდოვსკის თითქმის ყველა შეხება ბურთთან წარუმატებელი იყო.

ყველაფერი შეიცვალა მინდორზე მიულერის გამოჩენის შემდეგ. მან 79-ე წუთზე ახლო კუთხეში გაუტანა ბრწყინვალედ მოთამაშე ცილერს. ხოლო, როცა მიულერს გოლი გააქვს, ეს ერთი ან სამი ქულის მოპოვების გარანტიაა – 76 ასეთი შემთხვევიდან 72 მოგება იყო და 4 ფრე!
მიულერის გარდა, მორიგ სამ ქულაში მეკარე ულრაიხის დიდი წვლილიცაა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტი მოიგერია.


ახალი მწვრთნელის პეტერ შტიოგერის მისვლის შემდეგ, “დორტმუნდმა” კარდინალურად გარდაქმნა თამაში და საერთოდ უარი თქვა მაღალ პრესინგზე. ამან შუა კვირას გუნდს პირველი მოგება მოუტანა სექტემბერის შემდეგ. ამჯერად, დორტმუნდელებს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდათ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტის – “ჰოფენჰაიმის” სახით, რომელიც ზედიზედ ხუთჯერ ჰყავდათ დამარცხებული.

“დორტმუნდმა” ზედიზედ მეექვსედაც მოუგო “ჰოფეს”, თუმცა, პირველ ტაიმში მდევრის როლში აღმოჩნდა – უტი გაუსწორდა მასპინძლების დაულაგებელ დაცვას. შესვენებისთვის “ბორუსიას” უჩვეულო სტატისტიკა ჰქონდა – 11-დან მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა და 39 პროცენტი ბურთის ფლობა.

“დორტმუნდი” მეორე ტაიმში თავის თავს ჰგავდა. ჯერ კაგავა წააქციეს მეტოქის საჯარიმოში და ობამეიანგმა პენალტით ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა, 89-ე წუთზე კი იაპონელმა უკვე საგოლე პასი შეასრულა და გამარჯვების გოლი პულიშიჩმა მიითვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის აშშ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. “დორტმუნდისთვის” ისე იდეალურად განვითარდა ამ ტურში მოვლენები, რომ გუნდმა პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა, არადა, ერთი კვირის წინ, მერვე ადგილზე იმყოფებოდა.

“ჰოფენჰაიმი” კი მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა, რაც არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა 15 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომლებშიც დაწინაურებული იყო.

სერიები

– “ჰამბურგს” ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და შვიდი მატჩია სტუმრად ვერ იგებს (=1 -6).
– “გლადბახმა” სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
– “ვოლფსბურგს” სტუმრად შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
– “დორტმუნდმა” ყველა ტურნირზე შინ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
– “ჰოფენჰაიმმა” სტუმრად ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.
– “ლევერკუზენი” 12 ტურია არ მარცხდება, რაც ყველაზე გრძელი მოქმედი სერიაა.
– “ლაიპციგს” ხუთი ოფიციალური მატჩი არ მოუგია, მათ შორის, ოთხი ბუნდესლიგაში, რაც პირველად მოხდა მის ისტორიაში.
– “შტუტგარტს” ზედიზედ ოთხი წაგება აქვს.
– “მაინცს” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლო ცხრა მატჩში კი მხოლოდ ერთი მოიგო.
– “შალკე” 11 მატჩია არ მარცხდება, თუმცა, ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ ითამაშა ფრედ.
– “შალკეს” ხუთი მატჩია სტუმრად არ წაუგია.
– “აინტრახტი” სამი მატჩია შინ ვერ იგებს.
– “ფრაიბურგს” ხუთმატჩიანი წაუგებელის სერია აქვს, რომლის დროსაც 11 ქულა აიღო.
– “ბაიერნმა” ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
– “ბაიერნი” 30 მატჩია შინ ბუნდესლიგაში არ მარცხდება. ბოლო საშინაო წაგების თარიღია – 2016 წლის 2 მარტი (“მაინცთან” – 1:2).
ტურის ფაქტები
– “ჰამბურგი” პირველად არის პირველი წრის შემდეგ გასავარდნ ზონაში ბოლო 11 წლის განმავლობაში.
– “კიოლნმა” სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია.
– ბოლო 5 სეზონიდან ოთხჯერ, მეორე ბუნდესლიგაში ვარდებოდა გუნდი, რომელიც პირველი წრის შემდეგ, ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.
– ნალდომ ამ სეზონში მეორედ გადაარჩინა “შალკე” წაგებას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. პირველად ეს რურის დერბიში (4:4) მოხდა.
– “აინტრახტს” მხოლოდ 18 გოლი აქვს გაშვებული და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ლიგაში.
– “აუგსბურგსა” და “ფრაიბურგს” არასოდეს უთამაშიათ ერთმანეთში 0:0.
– პეტერსენმა კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ სამ მატჩში გოლის გატანა.
– მიულერმა 2013 წლის ნოემბერიდან მოყოლებული, პირველად გაიტანა გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ.
– “შტუტგარტმა” ზედიზედ მე-13 მატჩი წააგო “ბაიერნთან”. მიუნხენურ კლუბს უფრო გრძელი სერია “ვერდერის” წინააღმდეგ აქვს – 14 მოგება.
– “ბაიერნმა” ყველა ოფიციალურ მატჩში (15) შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით.
– “ვერდერმა” ამ სეზონში პირველად გაიტანა ორი გოლი პირველ ტაიმში.
– “მაინცი” “ვერდერთან” ხუთი მატჩია სტუმრად არ აგებს  (+2=3).
– “ჰოფენჰაიმის” მთავარ მწვრთნელს ნაგელსმანს არასოდეს დაუმარცხებია “დორტმუნდი” (+1 -3).

შედეგები:

გლადბახი-ჰამბურგი 3:1 (ტ. აზარი 9, რაფაელი 74, რაფაელი 79 – ჰანი 53)
კიოლნი-ვოლფსბურგი 1:0 (კლემენსი 67)
აინტრახტი-შალკე 2:2 (იოვიჩი 1, ჰალერი 65 – ემბოლო 82, ნალდო 90+5)
აუგსბურგი-ფრაიბურგი 3:3 (ფინბოგასონი 1, ფინბოგასონი 90, ფინბოგასონი 90+2 – გიუნტერი 20, პეტერსენი 48, პეტერსენი 61)
შტუტგარტი-ბაიერნი 0:1 (მიულერი 79)
ვერდერი-მაინცი 2:2 (ბარგფრედე 2, ბელფოდილი 17 – კიასონი 70, ფრაი 90+3)
დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 2:1 (ობამეიანგი 63-პენ, პულიშიჩი 89 – უტი 21)
ჰანოვერი-ლევერკუზენი 4:4 (ბებუ 12, ფიულკრუგი 21, კლაუსი 45, კორბი 83 – ბრანდტი 11, მეჰმედი 25, ბეილი 47, ბეილი 67)
ლაიპციგი-ჰერტა 2:3 (ორბანი 68, ჰალშტენბერგი 90+2 – ზელკე 5, კალუ 31, ზელკე 51)