მინიფეხბურთი | სერბეთი ევროპის ჩემპიონია, საქართველოს ნაკრებმა მუნდიალის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
მინიფეხბურთში ევროპის ჩემპიონი სერბეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში რუმინეთს პენალტების სერიაში მოუგო.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში დასრულებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ორივე ფინალისტი შეხვდა. ჩვენმა გუნდმა გათამაშება მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
მოქმედი ჩემპიონი საქართველოს ნაკრებთან ერთად E ჯგუფში ასპარეზობდა და ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრები ორჯერ იგებდა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა და ქულა მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელები რუმინეთთან მერვედფინალში დამარცხდნენ. რუმინეთის ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და კონტინენტის პირველობაც ექვსჯერ აქვს მოგებული.
წაგების მიუხედავად, საქართველოს მინიფეხბურთის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეძლო, რომელიც 2025 წლის 21 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.