მინიფეხბურთი | ბესო არველაძე - მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შევეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ და ხალხი გავახაროთ #1TVSPORT
მინიფეხბურთი | ბესო არველაძე - მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შევეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ და ხალხი გავახაროთ #1TVSPORT

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანს, მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბესო არველაძემ და გუნდის წევრმა, ირაკლი გვეტაძემ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები შეაჯამეს.

ბესო არველაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ჩვენი მეტოქე მასპინძელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებია. ვიცით, რომ რთული გუნდია. ბოლო დღეებში მის თამაშებს ვუყურებდით და დაცვაში ძალიან ძლიერად გამოიყურება, კონტრშეტევაზეც სწრაფად და ხარისხიანად გადმოდის. ვფიქრობ, შემდეგი თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადებით. რაც შეეხება მოლოდინებს, ბიჭები ამაღლებულ განწყობაზე და შემართებით არიან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ და ხალხი გავახაროთ“.

ირაკლი გვეტაძე, საქართველოს ნაკრების მთავარი წევრი: „პირველი შეხვედრა გვატემალის ნაკრებთან დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ პირველი თამაში იყო და უფრო მეტი დაძაბულობა ახლდა. გარემოსთან შეჩვევა გვჭირდებოდა, მაგრამ დამაჯერებლად მოვიგეთ. მსოფლიოს ჩემპიონ მექსიკასთან უფრო მეტი მობილიზებით გამოვედით, ვიბრძოლეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დიდი შემართებითა და მონდომებით ვართ და გვინდა, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ“.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების გუნდის დაპირისპირება ოთხშაბათს, პირველ ნოემბერს, 09:00 საათზეა ჩანიშნული.