მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ირლანდია 10:1 დაამარცხა და პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT
მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრებმა ირლანდია 10:1 დაამარცხა და პლეი ოფში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 10:1.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურნირზე ბესო არველაძის გუნდმა ჯგუფის წინა ორი მატჩი მოიგო – ჯერ დაამარცხა გვატემალის ნაკრები (6:0), შემდეგ კი ტურნირის ფავორიტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მექსიკა (2:1) და პლეი ოფში გასვლა გარანტირებული ჰქონდა.

გასვლის შანსს ირლანდიაც ინარჩუნებდა, რომელმაც მექსიკასთან წაგების (0:6) შემდეგ გვატემალა დაამარცხა (5:0) და 3 ქულა მოაგროვა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ეს იმედი პირველივე ტაიმში ჩაუკლა და 6 უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში გიორგი აფციაურმა გახსნა, შემდეგ კი ირლანდიელების კარი აიღეს გვეტაძემ, გოგაშვილმა, გუნდის კაპიტანმა კოპლატაძემ და თევზაძემ, აფციაურმა კი მეორეც გაიტანა.

მეორე ტაიმში ირლანდიელებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ამას ჩვენებმა ოთხი გოლით (გაზდელიანი, კურტანიძე, სვანიძე, აფციაური – ჰეთთრიქი შეასრულა) უპასუხეს. სამწუხაროდ, გიორგი აფციაური ბოლო გოლის შემდეგ დაშავდა და უცნობია, პლეი ოფში ითამაშებს თუ არა.

საქართველოს ნაკრები პლეი ოფში 100-პროცენტიანი შედეგით (9 ქულა) და პირველი ადგილით გავიდა. ვის შეხვდება პირველ ნოემბერს ჩვენი გუნდი, ეს საღამოს თამაშებში გაირკვევა.