მინდია უგრეხელიძე - რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ, ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს 
მინდია უგრეხელიძე - რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ, ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ სიცოცხლის თაყვანისმცემლებს 

ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების მხარდაჭერა, თუ ჩვენ შევცდით, თუ ჩვენ მრავალჯერ შევცდით, თუ ჩვენ ახლა 31-ში კიდევ შევცდით ჩვენ ბევრჯერ გვექნება კიდევ სანანებელი და მოსაბოდიშებელი, მაგრამ ამ ვალს ჩვენ ვეღარასდროს გავისტუმრებთ. მოგიწოდებთ თქვენ, ვიყოთ დარაზმული, რათა თავად ავუკრძალოთ ჩვენს თავს შეცდომის უფლება, – ასე მიმართა სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძემ ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს.

„არ შედრკეთ ქუთაისელებო, არ შეცდეთ ქუთაისელებო, ირწმუნოთ კრიტერიუმი, რომელსაც ჰქვია სახელად სამართლიანობა. მე თავადსამართლიანობის პროფესიის მსახური გახლავართ. არ ვიცი რამდენად კარგი და რამდენად წარუმატებელი, მაგრამ ფაქტია, რომ მე ვარ ერთგული ამ იდეისა და ვიქნები მარად. და თუ ჩვენ ვირწმუნებთ ამ კრიტერიუმს მივიღებთ საზომად, ადვილი გადასაწყვეტი იქნება რა უნდა ვქნათ 31 ოქტომბერს. უბრალოდ დაფიქრდით, რა იქნება სამართლიანი, ის რომ ჩვენ, ცოცხთაყვანისმცემლებს მივცეთ ხმა თუ მივცეთ ხმა სიცოცხლის თაყვანისმცემლებს?! იმათ, ვინც სიცოცხლისთვის და ღირსეული სიცოცხლისთვის იბრძვის. თქვენ თვითონაც ძალიან კარგად იცით, რა უნდა მოხდეს, რათა ბედნიერი ვიყოთ და მომავალი ბედნიერი გავხადოთ. ერთადერთი სურვილი მაქვს და მე მინდა გაგიზიაროთ ეს. 31 თარიღი, საკრალურ თარიღად იქცა საქართველოსთვის. მე ვგულისხმობ 31 მარტს. ჩვენ გვაქვს იმის საშუალებაც რომ 31 ოქტომბერი დიად და საკრალურ თარიღად ვაქციოთ. ნუ იტყვით უარს ამ შესაძლებლობაზე. ამავე დროს დავუჭიროთ მხარი ჩვენს შესანიშნავ ქუთაისელებს, რომლებიც ღირსეულად არიან წარმოდგენილი აქ და მივცეთ ხმა იმათ, რომლებიც, დარწმუნებული ვარ ქუთაისს ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენენ. ჩვენს პრობლემატიკას, ზოგი იქ პარლამენტში, ზოგი აქ მერის თანამდებობაზე. ძვირფასო ქუთაისელებო, იმედი მაქვს, რომ არ გავამტყუნებთ ერთმანეთის მოლოდინს“, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.