მინდია უგრეხელიძე - დღეს კონსტიტუცია თუ არის დახვეწილი, ევროპული ყაიდის, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირაკლი კობახიძეს, მან უზარმაზარი ამაგი დასდო ჩვენს კონსტიტუციას
მინდია უგრეხელიძე - დღეს კონსტიტუცია თუ არის დახვეწილი, ევროპული ყაიდის, ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირაკლი კობახიძეს, მან უზარმაზარი ამაგი დასდო ჩვენს კონსტიტუციას

ჩვენ ვართ ამაყნი და დღეს ყვავილობის ხანა უდგას ქართულ კონსტიტუციას. მართალია, გვიანი ყვავილობაა, მაგრამ ის არის საიმედო ხელში, – ამის შესახებ სამართალმცოდნემ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველმა ქართველმა მოსამართლემ, მინდია უგრეხელიძემ საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ „გახედნა ჩვენი მომავალი და მოგვიყვანა დღემდე“.

ამასთან, მინდია უგრეხელიძის განმარტებით, დიდი წვლილი აქვს შეტანილი ირაკლი კობახიძეს იმაში, რომ კონსტიტუცია დღეს არის  დახვეწილი, ევროპული ყაიდის.

„ჩემთვის დიდი პატივია, წარვსდგე თქვენ წინაშე. დღეს ძალიან დიდი დღესასწაულია ქართველი ხალხისთვის. ეს არ არის მარტო პოლიტიკოსებისა და იურისტების დღესასწაული, ეს ყველას დღესასწაულია. ეს არის ის, რაც მოხდა 100 წლის წინ, ეს იყო საშინელი გაზაფხული, ეს იყო ის, როდესაც სამი დღის ჩვილი კონსტიტუცია აკვანში ჩაკლეს ჩრდილოეთიდან შემოჭრილმა ურდოებმა.

დიდმა გალაქტიონმა პოეტურად ასე გამოხატა: იმ გაზაფხულის სავსე ფიალა გადმოიტოპა, გადაიარა საშინელმა გრიგალებმა და წყალდიდობამ, მაგრამ დარჩა იმ გარემოდან რამე ნიშანი? წყალნი წავიდნენ და წამოვიდნენ, დარჩნენ ქვიშანი. დიახ, დარჩა ის სულისკვეთება, რომელსაც ჰქვია ქართული სულისკვეთება. ეს არის თავისუფლებისადმი სწრაფვა, ლტოლვა. თავისუფლებისადმი ლტოლვა გამოხატული იყო იმ კონსტიტუციის ტექსტით, რომელიც, მართალია, დღეს აღარ არის შენარჩუნებული, მაგრამ მთლიანად არის შენარჩუნებული დღევანდელ კონსტიტუციაში ის სულისკვეთება უფრო დახვეწილი, გაცილებით უფრო ჩამოყალიბებული ფორმით.

რა იყო ის ძალა, რომელმაც ქართველ ხალხს შეაძლებინა, შეენარჩუნებინა და გადაერჩინა ეს სულისკვეთება, რა იყო ის ამალთეას რძე – ეს იყო დიდი ტრადიციები სამართლებრივი აზროვნებისა, აღმოსავლური მზით გასხივოსნებული, სიბრძნით გაჯერებული ქართული ტრადიციები, რომელსაც შემდეგ შეუერთდა ამავე დროს დასავლური, ძალიან სერიოზული მისწრაფება აღმოსავლური ღირებულებებისკენ.

ეს არის ის, რამაც შეგვაძლებინა, ის, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ამიტომ, ჩვენ ვართ ამაყნი და დღეს ყვავილობის ხანა უდგას ქართულ კონსტიტუციას. მართალია, ეს გვიანი ყვავილობაა, მაგრამ არის საიმედო ხელში. როდესაც რაიმე ხელთ უპყრია ისეთ ძალას, როგორიცაა მოწიფული, უკვე ხანში შესული რომელიმე თაობა, მაშინ უკან  არსებობს  რაღაც ძალა, რომელიც არის გარკვეული დაზღვევა – ესაა ახალგაზრდობა. მაგრამ როდესაც ახალგაზრდობას უპყრია ესტაფეტა და დროშა, ეს სულ სხვა ვითარებაა. ეს არის ვითარება, როდესაც ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამის უკან არავითარი ძალა არ არის. ეს ასე არ არის. ის ძველი ძალა ყოველთვის მხარში დგას ახალგაზრდობას.  გარდა ამისა, აქ არის უზარმაზარი ახალგაზრდული  შემართება, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება.

მე მახსენდება ძველი ებრაული პოეზიის არაჩვეულებრივი ნიმუში, ნამყო, რომელიც ხედნის მომავალს. ეს ითქმის ჩვენს კონსტიტუციაზე, რომელსაც პირველი ქართული კონსტიტუცია ჰქვია. ამ კონსტიტუციამ გახედნა ჩვენი მომავალი, მოგვიყვანა დღემდე და დღეს როცა გავხედავთ უკან იმ მოწამებრივ გზას, ძალაუნებურად ჩნდება მკრეხელური აზრი, ეს რომ ადამიანი ყოფილიყო და არა კონსტიტუცია, მას ჩვენი ეკლესია აუცილებლად წმინდანად შერაცხავდა.

მიხარია, რომ სიმბოლურად დღევანდელი დღე ემთხვევა იმ არაჩვეულებრივ ვითარებას, რომელიც წარმოჩენილია ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებასთან და მის შთამომავლობასთან ერთად. ეს გზა გავლილია და კიდევ დიდ გზას გაგვავლებინებს ცხოვრებაში. დაილოცოს დღევანდელი დღე, დაილოცოს ის შემართება. მინდა, მივულოცო ყველას, ვინც დღეს აქ არის, განსაკუთრებით ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც უზარმაზარი ამაგი დასდო ჩვენს კონსტიტუციას და თუ დღეს კონსტიტუცია არის ასეთი დახვეწილი, ევროპული ყაიდის, ამაში მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. დიდი მადლობა ქალბატონ სალომეს, რომლის თაოსნობით და მხარდაჭერით მზადდება ტრილოგია ქართული კონსტიტუციონალიზმისა. ორი ტომი უკვე დამთავრებულია, მესამე წარმოებაშია ჩაშვებული. ალბათ,  26 მაისისთვის, როცა ჩვენ კიდევ ვიზეიმებთ ქართული ეროვნული წინსვლის დიდ წარმატებას, ეს ჩაგბარდებათ თქვენ, როგორც ერთ-ერთი ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.