მინდია დავითაძე - სასაქონლე ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50-პროცენტიანი შეღავათი, რომლითაც ყველა ელექტრონული განმცხადებელი ისარგებლებს
მინდია დავითაძე - სასაქონლე ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50-პროცენტიანი შეღავათი, რომლითაც ყველა ელექტრონული განმცხადებელი ისარგებლებს

სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50-პროცენტიანი შეღავათი, – ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.

დავითაძის განმარტებით, შეღავათი 6 თვის განმავლობაში – 7 დეკემბრიდან 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში იმოქმედებს.

მინდია დავითაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება და ბიზნესის დახმარებასა და წახალისებას ემსახურება.

„მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე გარკვეული ტიპის შეღავათის დაწესებას. ეს უმთავრესად ბიზნესის მხარდაჭერისა და დახმარების, მათი წახალისების მიზანს ემსახურება, რაც ხარჯის შემცირების გზით, ძალიან ღირებული აქტივის შეძენის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივას, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლე ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50-პროცენტიანი შეღავათი. ამ შეღავათით ისარგებლებს ყველა განმცხადებელი, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. შეღავათი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, რომელიც დაიწყება 7 დეკემბრიდან და დასრულდება 2021 წლის 7 ივნისამდე პერიოდში. აღნიშული ინიციატივის ღირებულებაა, დაახლოებით, 405 000 ლარი, რომელიც მთლიანად კერძო სექტორში დარჩება“, – განაცხადა მინდია დავითაძემ.