მინდია დავითაძე – ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ყველა შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი

13:16, 02.08.2019

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ყველა შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მინდია დავითაძემ 19 მაისის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საიას მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.

19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.

შსს-ს ინფორმაციით, ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია დავითაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი არჩევნების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა ინციდენტზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სამი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნა მიცემული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, მათ შორის არჩევნების პროცესში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, არჩევნების მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, არჩევნების პროცესში და მიმდინარეობის დროს, ამ ამოცანას კარგად გავართვით თავი. ჩვენი მხრიდან ყველა ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება იყო განხორციელებული. იქ, სადაც იკვეთებოდა დანაშაულის შესაძლო ნიშნები, ბუნებრივია, დაიწყო გამოძიება და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. იქ, სადაც გამოიკვეთა კონკრეტულ პირთა ბრალეულობა, ბუნებრივია, დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში შედეგი, სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი. რიგგარეშე და შუალედური არჩევნების დროს, 8 სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაწყებული გამოძიება. სამი პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. დანარჩენი საქმეების უმრავლეს ნაწილში დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა, ხოლო ნაწილ შემთხვევაზე სრულდება საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა მინდია დავითაძემ.

მსგავსი