მინდელის შახტში შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის
მინდელის შახტში შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის

ტყიბულში, მინდელის შახტში არსებულ შრომის პირობებს გერმანული კომპანია DMT Group შეისწავლის და ექსპერტიზას ჩაატარებს, – გადაწყვეტილება აღნიშნული კომპანიის შესახებ სამმხრივი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით,  აღნიშნულ კომპანიას საქმიანობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს.

მინისტრის თქმით, კომპანიასთან კონტრაქტი დღესვე, დაჩქარებული წესით გაფორმდება, ვინაიდან უცხოელმა ექსპერტებმა ადგილზე მუშაობა დროულად დაიწყონ.

ტყიბულში შახტის ექსპერტიზის მიზნით შესაბამის სამუშაოებს კომპანია სავარაუდოდ, ორ კვირაში დაიწყებს.

მოწვეული სპეციალისტების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, საუბარია 50 ათას ევროზე.

ამასთან, პირველი არხისთვის ცნობილი გახდა ტყიბულის შახტში, 16 ივლისს, მომხდარი უბედური შემთხვევის მოკვლევის ოქმის დეტალები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, ტყიბულის შახტში უსაფრთხოების კომპლექსური სისტემა არ არსებობს და საწარმოში ამ ეტაპზე რაიმე შრომითი აქტივობა მიზანშეწონილი არ არის.