მინდელის შახტში დაშავებული მურმან აშოთია შემთხვევის დეტალებს იხსენებს  
მინდელის შახტში დაშავებული მურმან აშოთია შემთხვევის დეტალებს იხსენებს  

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაშავებული მეშახტე, მურმან აშოთია მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა. ის ვარაუდობს, რომ მომხდარი სამთო დარტყმას უკავშირდება.

აშოთია კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მისი თქმით, ვაგონების დაცლის შესახებ სამთო ოსტატის დავალებას ასრულებდა, როდესაც უეცრად ქარმა სახესა და თვალებში ქვები და მტვერი შეაყარა. მან შესასვლელისკენ გადაადგილება სცადა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ვერ შეძლო.

„ხელი ავიფარე, მაგრამ აღარ მფარავადა, ქარის წნევა იმატებდა. ვეცადე შესასვლელისკენ გასვლა და მიმალვა, მაგრამ წნევამ უკნიდან დამარტყა და კიბეზე გამაჩერა. თავი მივარტყი რკინის კიბეს და ჩაფხუტმა გადამარჩინა. თავზე ისევ მეყრებოდა ქვა და ხრეში. ვიყვირე, შველას ვითხოვდი“, – ყვება აშოთია.

მეშახტის თქმით, მისი ხმა იქვე მომუშავე ირაკლი კირკიტაძემ გაიგონა, რომელიც წნევამ 17 მეტრის მანძილზე გადაისროლა.

„ირაკლი კირკიტაძემ როგორც კი შეძლო, ტელეფონთან მივიდა და მორიგეს დაურეკა, ამბავი გააგებინა და ამის მერე გამაგონა – მოვდივარ, ნუ გეშინიაო, დამიძახა. მაშინ მივხვდი, მიშველიდა და იქ არ მოვკვდებოდი. ირაკლი რომ მოვიდა და ამომიყვანა სამშვიდობოს, გონი დავკარგე. მერე არაფერი მახსოვს“, – განაცხადა მურმან აშოთიამ პირველ არხთან საუბარში.

მეშახტის თქმით, ადგილზე, სადაც ის მუშაობს, ხმაურია, თუმცა აფეთქება რომ ყოფილიყო, აუცილებლად გაიგონებდა.

„აფეთქების ხმა არ ყოფილა. აფეთქება რომ ყოფილიყო, მე ისეთ ადგილზე ვიყავი,  დავიწვებოდი“, – ამბობს 55 წლის მეშახტე.

მურმან აშოთია კომპანია „საქნახშირში“ 21 წელია მუშაობს.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.