მინდელის შახტში დაშავებული ერთი მეშახტე დამწვრობის ცენტრში უკვე მიიყვანეს
მინდელის შახტში დაშავებული ერთი მეშახტე დამწვრობის ცენტრში უკვე მიიყვანეს

მინდელის შახტში დაშავებული ერთი მეშახტე თბილისში, დამწვრობის ცენტრში კატასტროფის მედიცინის ცენტრის რეანომობილით მიიყვანეს. დაშავებულს დამწვრობის ცენტრში ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დახვდა. აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.

დამწვრობის ცენტრში კიდევ სამ დაშავებულ მეშახტეს შეიყვანენ. ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის არც ერთი პაციენტი აღარ რჩება.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.