მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები კომპანია "საქნახშირისგან" კომპენსაციის სახით 30 ათას ლარს მიიღებენ
მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები კომპანია "საქნახშირისგან" კომპენსაციის სახით 30 ათას ლარს მიიღებენ

ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ოჯახები კომპანია “საქნახშირისგან” კომპენსაციის სახით  დაახლოებით 30 ათას ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ, დავით ქარქაშაძემ განაცხადა.

როგორც დავით ქარქაშაძემ განმარტა, უშუალოდ კომპანიისგან გაცემული თანხის გარდა, დაღუპულთა ოჯახის წევრები დაზღვევის სახით 20 ათას ლარს მიიღებენ.

„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. დღეს ვხვდებით ჭირისუფლებს. კომპანიას ჩვენი დაზარალებულები არასოდეს მიუტოვებია. სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი კომპანია. დასაფლავების, საფლავის მოწყობის, ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები. შემდეგ კი დაზღვევაშიც ეხმარება კომპანია დაზარალებულებს. თითოეულ მათგანზე კომპენსაცია, დაახლოებით 30 ათასი ლარი გამოდის. კომპენსაციის ეს ფორმა ყველასთან განურჩევლად იქნება. შემდეგ დაზღვევაზეც იქნება საუბარი, საერთო ჯამში ყველა მათგანს გამოუვა 50 ათას ლარამდე”, – განაცხადა “საქნახშირის” დირექტორის მოადგილემ.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, დავით ქარქაშაძე აცხადებს, რომ წინასწარ დასკვნების გაკეთება ძნელია, რადგან ექსპერტები ჯერ კიდევ მუშაობენ.

“ეს მოხდა ყველასგან დამოუკიდებლად. დაინგრა ლავების უშუალო ჭერი. უშუალო ჭერი ნიშნავს ნახშირის  ზედა ფენას. დიდი სისქე აქვს, ჩამონგრევა მოხდა რაღაცის პროვოცირებით, ეს შეიძლება იყოს სეისმური დარტყმა, შეიძლება იყოს სამთო დარტყმა, თუმცა ამაზე მუშაობენ ექსპერტები და არ მინდა წინასწარი დასკვნების გაკეთება”, – განაცხადა ქარქაშაძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.