მინდელის შახტის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, უსაფრთხოების სიტემის მიუხედავად, რატომ ვერ მოხერხდა ტყიბულში მსხვერპლის თავიდან აცილება
მინდელის შახტის დირექტორი ვერ აკონკრეტებს, უსაფრთხოების სიტემის მიუხედავად, რატომ ვერ მოხერხდა ტყიბულში მსხვერპლის თავიდან აცილება

ტყიბულის რაიონულ პოლიციაში კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელისა და მინდელის სახელობის შახტის დირექტორის, გია ქარქაშაძის გამოკითხვა დასრულდა.

ჯაყელს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, ქარქაშაძემ კი განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემამ, რომელსაც შახტში აფეთქებამდე სიგნალი უნდა მიეცა, საწარმოს უბედური შემთხვევა ვერ აარიდა.

დირექტორისთვის უცნობია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი. ქარქაშაძე ვერ აკონკრეტებს, სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და სიგნალი არ მისცა, თუ სიგნალი იყო და პასუხისმგებელმა პირმა ვერ გაიგო.

უსაფრთხოების სისტემა კომპანია „საქნახშირმა“ შახტში ორი თვის წინ დაამონტაჟა.

მინდელის შახტში დღეს დილით მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.