მინდელის შახტიდან ცხედრების ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა
მინდელის შახტიდან ცხედრების ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, საიდანაც ექვსი დაღუპულის ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ დროისთვის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან მეშახტეები, გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები.

ადგილზე ჩავიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშივლი.

მინისტრმა გარდაცვლილების ოჯახს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, ის ადგილზე მოინახულებს ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ტყიბულის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა კიდევ ერთი უბედური შემთხვევა, ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და გვექნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ქუმსიშვულმა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.